პოლონელი ტურისტის დაჭრისთვის ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
5 ივლისს თბილისში, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის პარალელურად, ტურისტის დაჭრის წინაპირობებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მედიამ.
“ფორმულა” მოქალაქეზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, “გეი ეგონათ”, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი, რომელზეც ტელეკომპანია საუბრობს. უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. განცხადებაში წერია, რომ “დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება”.
დაჭრილ პოლონელ ტურისტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მძიმე, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაშია ალადაშვილის კლინიკაში.
ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.