“ქართული ოცნების” წევრების ამბობენ, რომ პარლამენტის წინ აღმართული რკინის ჯვრის საკითხი საპატრიარქოსთან ერთად გადაწყდება. დიდი ზომის ჯვარი საკანონმდებლო ორგანოს წინ 5 ივლისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აღმართეს.
ქალაქის მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, არასამთავრობო სექტორში კი დასძენენ, რომ მსგავსი ფაქტი ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპს, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.
როგორც მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, ამ თემის დრამატიზება საჭირო არაა.
“ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო და, შესაბამისად, ყველა მხარე, ვინც იყო ჩართული, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღება. ამიტომ ნუ შევეცდებით, რომ დრამატიზირება გავაკეთოთ. მე დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოსთან ერთად ეს თემა მოგვარდება. თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ იდგეს, იდგება. თუ გადაწყვეტილება იქნება, რომ ან ეკლესიასთან, ან იქ 9 აპრილის მემორიალია… მე პირადად მგონია, რომ იქ უნდა იყოს. ჩვენ მართლმადიდებელი სახელმწიფო ვართ”, – განუცხადა “მთავარ არხს” ირაკლი ზარქუამ.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი ბექა დავითულიანი კი ამბობს, მისთვის პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი, როგორც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების სიმბოლო, მისაღები არ არის.
“ჯვრის, როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს მიმართ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო ვერაფერი მექნება. ჯვრის, როგორც იმ ძალადობის სიმბოლოს მიმართ, რომელიც იმ დღეს განხორციელდა, მისაღები არ არის. როცა გვინდა ქუჩაში გამოვიდეთ, ვიღაცები ვცემოთ, ლინჩის წესით ვასამართლოთ და მერე რაც გვინდა, სადაც გვინდა, იქ დავდგათ, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჯვარია და მე არ მაწუხებს, მაგრამ ის, რაც ჩაიდინეს იმ დღეს ადამიანებმა, ის ნამდვილად მაწუხებს. არ ვიცი, ალბათ, თვითონ აიღებენ”, – განუცხადა “მთავარ არხს” ბექა დავითულიანს.