ტოკიოს ოლიმპიადაზე მაყურებლების დასწრება აიკრძალა მას შემდეგ, რაც ქალაქში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც “როიტერსი” წერს, ორგანიზატორებმა განცხადება გადაწყვეტილების ცვლილებაზე დღეს გააკეთეს. მანამდე, ტურნირზე შეზღუდული რაოდენობით მაყურებლის დასწრება იგეგმებოდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტოკიოში, სადაც COVID-19-ის “დელტა” ვარიანტია გავრცელებული, თავიდან აიცილონ ინფექციის გავრცელების ახალი ტალღა.
ტოკიოს ოლიმპიადის მინისტრის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორები შეჯერდნენ, რომ თამაშები ტოკიოში მაყურებლის გარეშე გაიმართოს, ქალაქის გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებზე კი ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
წელს ტოკიოში ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.