ახალი ამბები

ექიმის მაქსიმალური ხელფასი 46 505 ლარია, მინიმალური — 389 – ჯანდაცვის სამინისტრო

8 ივლისი, 2021 • 12108
ექიმის მაქსიმალური ხელფასი 46 505 ლარია, მინიმალური — 389 – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მომუშავე ექიმებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში დასაქმებულებს აქვთ, ყველაზე დაბალი — კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში დასაქმებულებს.

2021 წლის 7 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილა ექიმების ანაზღაურება და ამ სფეროში დასაქმებულებს შორის უთანასწორობაზე ისაუბრა.

სამინისტროს პრეზენტაციაში მითითებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმი პლასტიკური და რეკონსტრუქციის ქირურგიაშია დასაქმებული და ყოველთვიურად იღებს 46 505 ლარს. ამ დარგში ყველაზე დაბალი ხელფასი 527 ლარია, საშუალო ხელფასი კი 10 642 ლარს შეადგენს.

სამინისტროს გამოყოფილი აქვს ექიმების 8 ქვეკატეგორია, რომელთა შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადია კლინიკური ტოქსიკოლოგია, სადაც საშუალო ხელფასი 2 934 ლარია; მინიმალური ხელფასი 389 ლარია, მაქსიმალური კი -13 993.

პრეზენტაციაზე მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ექიმების სახელფასო არეალის გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს ძალიან დიდი დისბალანსი არა მხოლოდ სხვადასხვა პროფილის, არამედ ერთი პროფილის ექიმებშიც“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი ტიკარაძე ექიმების ხელფასების უთანასწორობაზე საუბრობს. 28 აპრილს მან განაცხდა, რომ საქართველოში ექიმების ხელფასი არ არის „სიმეტრიული“ და ზოგიერთი ექიმის თვიური შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, ზოგიერთის თვიური შემოსავალი კი 120 000 ლარია, რაც, მისი თქმით, უსამართლოა.

„ეს არ არის მხოლოდ პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი და ეს გარემობა ნამდვილად არის ყურადღებამისაქცევი. შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი, რადგან 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ხალათი, რომელიც აცვია, ეცვას ღირსეულად და იყოს ისევე დაფასებული, როგორც იმ ექიმს, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120 000-ლარიანი შემოსავალი თვეში“, — განაცხადა მაშინ მინისტრმა.

სამინისტროს გამოქვეყნებულ მონაცემებში მაქსიმალურ შემოსავლად 46 505 ლარია დასახელებული და არა 120 000.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1256 ლარია.

საქსტატის თანახმადვე, საქმიანობების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი;
  • მშენებლობა – 1 664.5 ლარი.

ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარია, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი