ნეტგაზეთი | რუსი ჯარისკაცი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს რუსი ჯარისკაცი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს – Netgazeti
Batumelebi | RU

რუსი ჯარისკაცი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერის,დავით ქაცარავას განცხადებით, გამყოფ ხაზთან, სოფელ ატოცში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარის ჯარისკაცი, რომელმაც მიმალვა სცადა.

“დღეს სოფელ ატოცში ჩავედით პატრულირებაზე, რათა დაგვეფიქსირებინა, იყო თუ არა რაიმე პროგრესი ბორდერიზაციის მიმართულებით. ჩასვლისთანავე დავაფიქსირეთ რუსი ოკუპანტების გადაადგილებები.

ჩვენი ჩასვლიდან ერთ საათში სხვა მიმართულებაზე, მავთულხლართებიდან ჩვენს მხარეს აღმოვაჩინეთ, რომ ოკუპანტი ჯარისკაცი გადაადგილდებოდა ბუჩქნარში.

ჩვენ ავაფრინეთ დრონი და მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჯარისკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა”, – აცხადებს დავით ქაცარავა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით,  იმავდროულად შეატყობინა ფაქტი პოლიციასა და შესაბამის უწყებებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ჯარისკაცმა მარტივად შეძლო გამყოფ ხაზს მიღმა გადასვლა.

“პოლიციამ ჩვენ გვთხოვა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. ჩვენ, ბუნებრივია, დავემორჩილეთ და გამოვედით, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ჩემთვის უცნობია. ვფიქრობ, რომ ჯარისკაცმა მარტივად მოახერხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება”, – აცხადებს დავით ქაცარავა.

დრონის კადრები, თუ როგორ აფარებს თავს, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცი ბუჩქნარს

ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეატყობინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამუშავდა “ცხელი ხაზი”.

გამყოფ ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და ამონტაჟებენ მავთულ-ხლართებსა და “საზღვრის” აღმნიშვნელ ნიშნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com