ახალი ამბები

საქართველოში დისკრიმინაცია არ ხდება — ღარიბაშვილი

7 ივლისი, 2021 • 1735
საქართველოში დისკრიმინაცია არ ხდება — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისართან,  შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში დღეს არ ხდება განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის დისკრიმინაცია.

“დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული აზრისა და განსხვავებული ცხოვრების წესის დისკრიმინაცია. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ასეც იქნება.

ამის გარანტიას გაძლევთ და ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია.

ჩვენ, როგორც მთავრობა, ამ კანონს აღვასრულებთ. ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. იგი მანამდე საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.


5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 7 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი