ახალი ამბები

თქვენ გეგონათ, ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ უფრო ძლიერად მოგვევლინა — ღოღობერიძე

7 ივლისი, 2021 •
თქვენ გეგონათ, ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ უფრო ძლიერად მოგვევლინა — ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე “ღირსების მარშის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. ამ დღეებში ჩემ სამშობლოში მოხდა რაღაც, ძალიან შემაშფოთებელი. პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. და ბოლოს, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლო, 30-წლიანი დამოუკიდებლობის და დასავლეთისკენ თითქოს გააზრებული მსვლელობის ფონზე ვიხილეთ საოცარი აქტი: როგორ ჩამოხსნა ოფიციალური შენობიდან ადამიანთა ჯგუფმა ევროკავშირის დროშა”, — წერს ლანა ღოღობერიძე.

მისი თქმით, თავისუფლებაზე და თანასწორობაზე უარის თქმა არის გზა უკან, საბჭოთა კავშირისკენ და უფრო ახლოს, პუტინის რუსეთისკენ.

რეჟისორი სვამს კითხვას, მათ, ვინც ეს ყველაფერი მოიმოქმედა, აქვთ თუ არა კმაყოფილების შეგრძნება და სიამაყის განცდა?

“მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ულხინთ და არც ისე კარგად გრძნობენ თავს ამ ცხოვრებაში, იქნებ არც დასაქმებულები არიან, ვერც ოჯახებს არჩენენ წესიერად… ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს. ეს ისეთი ელემენტარული განცდაა: ჩვენ ბევრნი ვართ, ბევრად მეტი, ვიდრე ისინი, და ამიტომ შეგვიძლია დავჩაგროთ, ჩავკლათ მათში ადამიანური ღირსება და ამით ჩვენი ადამიანური ღირსება დავამტკიცოთ! თქვენ გგონიათ, რომ მოქმედებთ ქრისტიანობის სახელით, მაგრამ პირველქმნილი ქრისტიანობა თავის არსში ზუსტად საწინააღმდეგოს ქადაგებს და ეს მთავარი მოყვასის მიმართ სიყვარული და თანაგრძნობაა. დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე. ბოლოს დ აბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება”, — წერს ლანა ღოღობერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი