ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, უკანონოდაა დაკავებული – ადვოკატი

7 ივლისი, 2021 •
მაჩალიკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, უკანონოდაა დაკავებული – ადვოკატი

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე 6 ივლისის აქციის მიმდინარეობისას დააკავა პოლიციამ.

მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ პატარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი, რომელიც აქციაზე „თავისუფლებისთვის“ იმყოფებოდა წინა დღით განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, პოლიციის ჯებირების სიახლოვეს დააკავეს.

„ის იმყოფებოდა „თავისულფებისთვის“ პროტესტის მხარეს. მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივმა ჯგუფებმა რომ იცნეს, დაიწყეს შეურაცხყოფა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურადაც იწევდნენ, ჯებირებს მიღმა გადმოსვლას ცდილობდნენ და, ერთი სიტყვით, მას საფრთხეს უქმნიდნენ“, – ამბობს ადვოკტი.

მისი თქმით, თავდაპირველად გაჩნდა განცდა, რომ პოლიცია მივიდა, რათა მაჩალიკაშვილი საფრთხისგან დაეცვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „საფრთხისგან გარიდების მოტივით კი არ გაიყვანეს, ადმინისტრაიულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლით დააკავეს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატი მარიამ პატარიძე ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის დაკავება „სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონოა“.

ადვოკატის თქმითვე, საქმის მასალები ოფიციალურად ჯერ არ გადასცემია, თუმცა მაჩალიკაშვილისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, იგი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით).

  • 166-ე მუხლის დარღვევა ჯარიმდება 500-დან 1000 ლარამდე თანხით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით;
  • 173-ე მუხლის დარღვევა ჯარიმდება 1000-დან 4000 ლარამდე თანხით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

იგი ამ დრომდე [7 ივლისი, 15:30 საათი] რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ადვოკატის თქმით, ამჟამად მაჩალიკაშვილი სასამართლოს დანიშვნის მოლოდინშია, სადაც გადაწყდება, შეეფარდება თუ არა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, თუ ხელწერილის საფუძველზე გამოუშვებენ.


პარლამენტთან  გუშინ მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. 5 ივლისს ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

მდუმარე აქციის საწინააღმდეგოდ ჰომოფობურმა ჯგუფებმა ძალადობრივი კონტრაქცია მოაწყვეს. მათ შორის, იყვნენ მართლმადიდებელი მღვდლებიც. ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, კვერცხებსა და სხვა ნივთებს. ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევასაც, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს ჰყოფდა.

ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.  ამ დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა.

6 ივლისის ძალადობრივ აქციაზე 100 პირი დააკავეს, 68 ხელწერილით გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი