ახალი ამბები |

6 ივლისის ძალადობრივ აქციაზე 100 პირი დააკავეს, 68 ხელწერილით გაათავისუფლეს

7 ივლისი, 2021 | | 574
6 ივლისის ძალადობრივ აქციაზე 100 პირი დააკავეს, 68 ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე 100 პირი დააკავეს, რომელთაგან 68 ხელწერილით გაათავისუფლეს.

„მიმდინარე წლის 6 ივლისს პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში“ ,- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთანავე, უწყება ამბობს, რომ ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს ორი ადამიანი. ერთი-ერთი მათგანი “პალიტრა ნიუსის” ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის  შეშლის ბრალდებით. ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს, უწყება ამბობს, რომ მან საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი