ახალი ამბები

სპაიკ ლი პრესას თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გაშუქებისაკენ მოუწოდებს

7 ივლისი, 2021 • 1277
სპაიკ ლი პრესას თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გაშუქებისაკენ მოუწოდებს

ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი საერთაშორისო პრესას მოუწოდებს 5 ივლისს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაშუქებისკენ.

აღნიშნულის შესახებ რეჟისრომა მას შემდეგ განაცხადა, რაც კანის კინოფესტივალზე ქართველმა ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ კანის რიგით 74-ე კინოფესტივალის ჟიურის პრესკონფერენციაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ ქართველ ჟურნალისტს ინფორმაციის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუმცა განაცხადა, რომ მსოფლიოს ისეთი განგსტერები მართავენ, როგორებიც არიან აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

სპაიკ ლიმ საერთაშორისო პრესას მოუწოდა, გაავრცელონ ეს ამბავი და დაწერონ მსოფლიო განგსტერებზე:

“მადლობა ინფორმაციის გავრცელებისთვის. ვფიქრობ, მე არ ვარ ერთადერთი, ვინც არაფერი იცოდა საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებზე. ეს მსოფლიო განგსტერების მიერ იმართება “აგენტი ფორთოხალი”, ბრაზილიის პრეზიდენტი და პუტინი. ისინი განგსტერები არიან და რასაც უნდა, იმას აკეთებენ. მორალი არ გააჩნიათ. ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ მათ წინააღმდეგ.

მადლობა, მე არ ვიცოდი ამის შესახებ, რაც მოხდა საქართველოში. მადლობა, რომ ადექით და გაუზიარეთ მსოფლიო პრესას. ასე რომ, აქ მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეთ ეს ამბავი. გამოიძიეთ და წერეთ ამის შესახებ. მხოლოდ ფილმების შესახებ კი არ წეროთ კრიტიკა. არამედ წერეთ მსოფლიო განგსტერებზე” ,- განაცხადა სპაიკ ლიმ.

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი