ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოჯრის და ჩვილ ბავშვთა სახლების დახურვაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა ჩვილ ბავშვთა სახლში, რაც ნამდვილად სასიხარულოა, ვინაიდან ამ ორი წლის მანძილზე, როგორც არასდროს, წინა წლებთან შედარებით, ბავშვთა ზრუნვის სააგენტომ მოახდინა 523 ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში. ჩვენი მიზანია, მივცეთ ოჯახებს ის უნარები, რითაც შვილებს საკუთარ ოჯახებში აღზრდიან.
მიმდინარეობს მუშაობა კოჯრის ბავშვთა სახლის და ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები განვათავსოთ ოჯახის მსგავს საცხოვრებელში, სადაც მათ საუკეთესო გარემო ექმნებათ. კიდევ უფრო უკეთეს შემთხვევაში მიზანია, რომ ოჯახებს შევუქმნათ მდგრადი ეკონომიკური გარემო, რომ არ უწევდეთ ბავშვების ზრუნვაში მიცემა”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.