ახალი ამბები

“სირცხვილიას” ოფისში ტვ პირველზე თავდასხმისთვის მხოლოდ ორი პირი დააკავეს

7 ივლისი, 2021 • 1409
“სირცხვილიას” ოფისში ტვ პირველზე თავდასხმისთვის მხოლოდ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს თბილისში, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის შენობაში ტვ “პირველის” გადამღებ ჯგუფეზე თავდასხმის ბრალდებით მხოლოდ ორი პირია დაკავებული.

როგორც შსს აცხადებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს დაკავებულმა ა.ნ-მ და თ.დ-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტვ “პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომ მოძალადეთა რიცხვი ორზე ბევრად მეტი იყო.

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”, — ამბობს მირანდა ბაღათურია.

შსს-მ კიდევ ორი პირი — ი.ქ. და თ.ხ.— დააკავა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორზე ძალადობისთვის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლები გულისხმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, ჩადენილი მუქარით ( მუხლი 154, ნაწილი 2), დევნას, ასევე ჩადენილი მუქარით და ა.შ. (მუხლი 156, ნაწილი 2), ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას , ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით  7 პირია დაკავებული. 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე ფიზიკურად და სიტყვიერად 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ, დააზიანეს მათი ტექნიკა. რამდენიმე ადამიანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე კლინიკებში მკუნრალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი