საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.
“ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია. დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ამ დროისთვის პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის წევრებიც გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბლსისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.
ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და ახლა ამ აქციის ჩაშლას ცდილობენ. ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს ისვრიან და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს შორისაა.
ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავბული. ნეტგაზეთი ინფორმაციის მიღებას შსს-სგან ცდილობს.