ახალი ამბები

შსს: ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

6 ივლისი, 2021 • 612
შსს: ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, მოუწოდებენბ, რომ არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის წევრებიც გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და ახლა ამ აქციის ჩაშლას ცდილობენ. ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს ისვრიან და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს შორისაა.

ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავბული. ნეტგაზეთი ინფორმაციის მიღებას შსს-სგან ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი