ახალი ამბები

ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანზე არანაირ ძალადობას არა აქვს გამართლება – ჯუზეპე პაზოტო

6 ივლისი, 2021 • 1244
ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანზე არანაირ ძალადობას არა აქვს გამართლება – ჯუზეპე პაზოტო

ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, რომ კათოლიკე ეკლესია საქართველოში კისრულობს ვალდებულებას, ყველა კეთილი ნების ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით ამ 5 ივლისის მოვლენების შემდგომ, გააცნობიერებინოს თავის მრევლს და  საზოგადოებას, რომ თავისუფლება სხვისი შეხედულების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობაა.

მისი თქმით,განსხვავებულის მიმღებლობა და ადამიანის ღირსების დაცვა მათი მრწამსის ძირეული და განუყოფელი ნაწილი და საფუძველია.

“ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანზე არანაირ ძალადობას არა აქვს გამართლება? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი აზრების, მრწამსისა და განცდების გამოხატვის უფლება? ბანალურია იმის მტკიცება, რომ რელიგიის მისიაა, ადამიანები შეახვედროს ერთმანეთს და ღმერთს? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ყოველი ხელისუფლების ვალია დაიცვას ყველა თავისი მოქალაქე კონსტიტუციისამებრ? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანი მხოლოდ თავისი ინსტინქტისამებრ არ უნდა მოქმედებდეს? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ცხოვრებაში ნამდვილად მხოლოდ სიყვარული ფასობს? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანს გარანტირებული უნდა ჰქონდეს ინფორმაციის უფლება?”, – ამბობს ჯუზეპე პაზოტო.

მისი თქმით, გუშინ თბილისში მომხდარი მოვლენებისას ზედმეტად ბევრმა სცადა ხაზი გადაესვა ამ მარტივი ჭეშმარიტებებისათვის.

“დიახ, ამის და სხვა მრავალთა მტკიცება ბანალურობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა თბილისში, რუსთაველზე (და არამხოლოდ), როგორც ჩანს, დიდი შეცდომა ყოფილა ამგვარი გულუბრყვილობა! ზედმეტად ბევრმა ეცადა, სხვადასხვაგვარად ხაზი გადაესვა ამ მარტივი ჭეშმარიტებებისათვის!

გვესმის კი რამხელა საფრთხე გვემუქრება? კათოლიკე ეკლესია საქართველოში კისრულობს ვალდებულებას, ყველა კეთილი ნების ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით ამ ფაქტების შემდგომ, გააცნობიერებინოს თავის მორწმუნეებს და იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს, რომ თავისუფლება, სხვისი შეხედულების პატივისცემა, განსხვავებულის მიმღებლობა, ყველაზე უპოვართა და უძლურთა დაცვა, სამართლიანობისათვის შრომა და მშვიდობის შენება, ჩვენი მრწამსის ძირეული და განუყოფელი ნაწილია და საფუძველია ადამიანის ღირსების დასაცავად, ადამიანისა, როგორსაც მას ხედავს ღმერთი. ესაა ღირსება, რასაც გვიცხადებს თითოეული ადამიანის ღმერთის შვილობა!”, – ამბობს ჯუზეპე პაზოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი