ახალი ამბები

უზრუნველყავით, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი – შსს აქციების ორგანიზატორებს

6 ივლისი, 2021 • 904
უზრუნველყავით, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი – შსს აქციების ორგანიზატორებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 6 ივლისს, პარლამენთან დაგეგმილ მდუმარე აქციასა და მის კონტრაქციასთან დაკავშირებით და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდნენ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა “მდუმარე აქცია”, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ – ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

20:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მდუმარე აქცია ფეისბუკზე დაიგეგმა. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. მაგალითად, “გირჩი — მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას დაანახონ, რომ საქართველოში “ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ”. აქციას უერთდება “ევროპული საქართველო” და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა “დროა”.

პარალელურად პარლამენტთან იკრიბებიან ჰომოფობიური ჯგუფის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი