ახალი ამბები

პრეზიდენტის საპარლამენტო  მდივანი იუსტიციის მინისტრის I მოადგილედ წარადგინეს

6 ივლისი, 2021 • 1152
პრეზიდენტის საპარლამენტო  მდივანი იუსტიციის მინისტრის I მოადგილედ წარადგინეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის მინისტრმა პირველი მოადგილის პოსტზე წარადგინა.

უწყების ცნობით, თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას უხელმძღვანელებს.

“იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მთავარი პრიორიტეტი სერვისების კიდევ უფრო დახვეწა და ხელმისაწვდომობა იქნება. მისივე თქმით, როგორც ქალი მოადგილე, ის განსაკუთრებით იზრუნებს და მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს იუსტიციის სისტემაში დასაქმებულ ქალთა საკითხებს”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, თამარ ტყეშელაშვილი პროფესიით იურისტია. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება; იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიულ ფირმა „MKD Law“-ის პარტნიორი და ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი.

თამარ ტყეშელაშვილი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლის სტატუსით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; წარმოადგენდა კომპანიებს: „Société Générale“, „Bank of New York Mellon“, „NASDAQ OMX“, „EBRD“, „Western Union“, „IBM“, „Marriot Hotels International“, „New Line Cinema“, „NewsCorp“ და სხვ. ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თამარ ტყეშელაშვილს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ბრიუსელში, სენტ-ლუისის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ჟენევის „Graduate Institute“-ში კი – საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში პრაქტიკის მიმართულებებით. თამარ ტყეშელაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი