ახალი ამბები

არანაირი „მაგრამ“, ყველა უნდა დაისაჯოს — კუჭავა ჟურნალისტებზე ძალადობაზე

6 ივლისი, 2021 • 1095
არანაირი „მაგრამ“, ყველა უნდა დაისაჯოს — კუჭავა ჟურნალისტებზე ძალადობაზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „სამარხვინოს“ უწოდებს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმას და ამბობს, რომ ეს მიუღებელია და „ყველა უნდა დაისაჯოს“.

„რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ვიცი, რა დავარქვათ. ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო. ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რასაც უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით „მაგრამ“. არანაირი „მაგრამ“. არ შეიძლება გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან“, – განაცხადა კუჭავამ 6 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომის გახსნისას.

კუჭავამ თქვა, რომ მიუღებელია რელიგიის სახელით ძალადობა: „ჩვენ, ქვეყანას, ისტორიულად გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია“.

„მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ თითო-თითოს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას. მით უმეტეს, განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები. ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, რომლებიც საქმეს აკეთებენ და არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს საშუალება, შეაფერხონ მათი საქმიანობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, კადრები რაც ვიხილე, უბრალოდ, შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. არა აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე. ტურისტიც კი დაზარალდა. დაჭრილია, როგორც ვიცი. და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ქუჩაში დასდევდნენ. ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები. ხვალ, ზეგ. და რა ქნან, უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“, – აცხადებს კახა კუჭავა.

პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცავი უწყების მკაცრი რეაგირების საჭიროებაზე საუბრობს: „აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება. იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა და მკაცრი რეაგირება. უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით“.

კახა კუჭავა ასევე გამოეხმაურა ძალადობრივი აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაშვებას და ამას „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ უწოდა:

„ჩემს განცხადებაში ვთქვი და, სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები“.

„ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, – განაცხადა მან.

წინა დღეს, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობებით, [6 ივლისი, 14:30 საათი] 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი