საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები მისთვის მიუღებელი და დასაგმობია.
პრემიერი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია და პოლიცია აქტიურად მუშაობს ყველა მოძალადის იდენტიფიცირებისა და დაკავებისთვის:
“პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მე მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია.
პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა დაკავება ადმინისტრაიცული წესით 8 პირის. ყველას იდენტიფიცირება მოხდება და შესაბამისად იქნება დასჯილი, ვინც ჩაიდინა ეს ძალადობა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.
თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 50-მდე წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც. 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით ასევე დააკავეს 3 პირი.