ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

6 ივლისი, 2021 • 859
ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის, ძალადობის მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არიან,წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით დაკავებულებმა ტელეკომპანია “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, გამოცემა – ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო “ნიუპოსტის” წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროის მონაცემებით, უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა. ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, 5 ივლისს ჰომოფობური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ. დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში, სულ მცირე, მედიის 8 წარმომადგენელის გადაყვანა გახდა საჭირო.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი