ახალი ამბები

აქციაზე ნაცემ “პალიტრანიუსის” ოპერატორს ოპერაცია უტარდება

5 ივლისი, 2021 • 909
აქციაზე ნაცემ “პალიტრანიუსის” ოპერატორს ოპერაცია უტარდება

“პალიტრანიუსის” ოპერატორს, რომა ტარუღიშვილს, რომელსაც “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ თავს, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უთხრა “პალიტრანიუსის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ტაბატაძემ.

ტაბატაძის თქმით, ოპერატორს აქვს თავის ტრავმა და ცხვირის ძვლის მოტეხილობები. ამასთან, მისი განცხადებით, ტარუღიშვილი “პალიტრანიუსის” თანამშრომლებს შორის ყველაზე მძიმედ დაშავადა, თუმცა დაშავდნენ გამოცემის სხვა წარმომადგენლებიც.

“ყველა გადამღებ ჯგუფზე იყო ძალადობრივი შეტევა, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები, დაშავებულია ფოტოგრაფი, აქვს თავის ტრავმა, ასევე ერთ-ერთ ჟურნალისტს მოხვდა ქვა, ერთს ფილარმონიასთან წიხლები ურტყეს”, – განაცხადა ტაბატაძემ.

“პალიტრანიუსის” გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, გადამღებ ჯგუფებს დაუზიანეს ტექნიკაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მედიასაშუალებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა გადამღები ჯგუფი დაებრუნებინა ოფისში.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 37 წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი