ახალი ამბები

მზად ვართ დავიცვათ დაზარალებულების უფლებები – საია

5 ივლისი, 2021 • 575
მზად ვართ დავიცვათ დაზარალებულების უფლებები – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] სოლიდარობას უცხადებს დღეს, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაშავებულ ადამიანებს და აცხადებს, რომ მზად არის დაიცვას დაშავებულების უფლებები. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საია გმობს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს, ასევე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არასათანადო რეაგირებას. ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთა და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. ასევე, საია მოუწოდებს უწყებებს, რომ სათანადოდ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული “პოზიტიური ვალდებულებები” და დაიცვას აქციის მონაწილეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.

“საგანგაშოა პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც აღნიშნა, რომ „ღირსების მარში“ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მისი ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია. აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეთაურებისგან და უწყებებისგან მსგავსი განცხადებები და პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანა იწვევს ისედაც დაძაბული ფონის დამატებით გამძაფრებას, ასევე, ახალისებს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და, ფაქტობრივად, კარტბლანშს აძლევს ძალადობას.

ასევე, საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გარანტირებულია. ასევე, კანონით აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს აღვივებს და ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მე-17 მუხლით არის დაცული. ამასთან, ამავე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებულია ყველა ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

“საგულისხმოა, რომ ე.წ. „კონტრაქციის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა როგორც განცხადებები, ასევე ქმედებები არის ძალადობრივი ხასიათის და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აგრეთვე, ხელს უშლის მოქალაქეთა მიერ შეკრების თავისუფლების, ხოლო მედიის წარმომადგენელთა მიერ გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზებას”, – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფოს მოუწოდებს:

  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე და უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა;
  • დაიცვას ლგბტქი+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება;
  • უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებით სათანადოდ სარგებლობა;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლისაგან, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება. აგრეთვე, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი