ახალი ამბები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა: ქარტია ჰომოფობიურ აქციაზე

5 ივლისი, 2021 • 1475
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა: ქარტია ჰომოფობიურ აქციაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

“გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

  • ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;
  • ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფი – გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;
  • „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;
  • თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს „ტაბულას” ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით „პრესა”.
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.
  • თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს.

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლისაგან და ძალადობისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს”.

ბოლო ინფორმაციით, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.

სანამ მედიაზე იძალადებდნენ , ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტის წინ.

ზემოხსენებული ჯგუფები ადგილზე დილიდან იკრიბებიან. მათ სურთ ღირსების მარშის ჩაშლა, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.

ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი