ახალი ამბები

ვუდუს მღვდლებმა ეგზორციზმი ჩაუტარეს თვითმფრინავს, რომელსაც მეხი დაეცა

2 ივლისი, 2021 •
ვუდუს მღვდლებმა ეგზორციზმი ჩაუტარეს თვითმფრინავს, რომელსაც მეხი დაეცა

მას შემდეგ, რაც “ეთიოპიის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან ტოგოს დედაქალაქ ლომეში ჩაფრინდა, აეროპორტში მეხი დაეცა. სანამ თვითმფრინავის უსაფრთხოებას შეამოწმებდნენ, ავიალაინერს ადგილობრივი რელიგია ვუდუს მღვდლებმა ეგზორციზმის, ანუ ბოროტი სულების განდევნის რიტუალი ჩაუტარეს.

როგორც  Aerotime Hub წერს, ინციდენტი ლომეს აეროპორტში მიმდინარე წლის 20 ივნისს მოხდა, რა დროსაც მსუბუქად დაშავდა აეროპორტის ერთი თანამშრომელი, ასევე დაზიანდა აეროპორტის ტექნიკა. მგზავრები უვნებლად გადარჩნენ.

მედიასაშუალების ცნობით, ვუდუს მღვდლებმა მიიჩნიეს, რომ მეხის დაცემა ავისმომასწავებელი ნიშანი იყო და მოითხოვეს ეგზორციზმის რიტუალის ჩატარება, რათა მსგავსი ინციდენტი მეორეჯერ არ განმეორდეს.

“ვუდუს მღვდლებს თავიანთი ტრადიციები აქვთ. მათ გვითხრეს, რომ აუცილებელია, ასეთი ინციდენტის შემდეგ ჩატარდეს ეგზორციზმის რიტუალი, რათა მსგავსი შემთხვევა მეორე არ განმეორდე”, — თქვა ტოგო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და ლომეს აეროპორტის მენეჯერმა დოკისსიმე გნამა ლატტამ.

აეროპორტის მენეჯერმა ასევე განმარტა, რომ მღვდლებს ეგზორციზმის ჩატარების უფლება იმიტომ მისცა, რომ ადგილობრივ მოგზაურებს არ დაეკარგათ ნდობა ავიაკომპანიისა და თვითმფრინავის მიმართ.

ეგზორციზმის რიტუალის შემდეგ თვითმფრინავი სპეციალისტებმა შეამოწმეს, რის შემდეგაც ლაინერი უსაფრთხოს გაფრინდა ადის აბაბას მიმართულებით.

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, ვუდუ არის მონოთეისტური რელიგია, რომელიც წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებზე და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა (ძირ. ბენინიდან) და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი