ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთში, საიდანაც ბოლო 20 წლის განმავლობაში სარდლობა „თალიბანის“ წინააღმდეგ ომს კოორდინირებდა, იტყობინება ამერიკული მედია.
ბაზა ავღანეთის ხელისუფლებას ოფიციალურად შაბათს გადაეცემა, ხოლო დარჩენილი ჯარისკაცები დიდი ალბათობით 4 ივლისისთვის დატოვებენ ქვეყანას. როგორც Associated Press წერს, ავღანეთში მხოლოდ 650 ჯარისკაცი, აშშ-ის საელჩოს დასაცავად დარჩება.
„ყველა ამერიკელმა ჯარისკაცმა და „ნატოს“ ძალებმა დატოვეს ბაგრამის ავიაბაზა“, — ციტირებს „როიტერსი“ პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელმაც კომენტარი ანონიმურად გააკეთა.
„თალიბანი“ სამხედროების მიერ ბაზის დატოვებას მიესალმა:
„ჩვენ [ბაზის] დატოვებას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ავღანელები სტაბილურობას და მშვიდობას უცხოური ძალების მიერ [ქვეყნის] სრული დატოვების შემდეგ კიდევ უფრო მიუახლოვდებიან“, — უთხრა „როიტერსს“ „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა.
ბაგრამის ავიაბაზაზე ასევე იყო ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს (CIA) მიერ ორგანიზებული დაკავების ცენტრი, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები გადაჰყავდათ. მოპყრობა მათ მიმართ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წამებად შეაფასა.
ავღანეთის ამერიკელი სამხედროების მიერ საბოლოო დატოვება 2021 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აშშ-ის შეიარაღებული ავღანეთში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შევიდა.
ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთის დატოვებაზე გირჩევთ: