ახალი ამბები

ბრიტნი სპირსს კონგრესში იწვევენ

2 ივლისი, 2021 • 757
ბრიტნი სპირსს კონგრესში იწვევენ

ამერიკელ მომღერალ ბრიტნი სპირსს, რომელიც საკუთარი თავის მეურვეობისთვის იბრძვის, კონგრესში იწვევენ.

უკვე თვეებია, ბრიტნი სპირსი სასამართლოში იბრძვის, რომ საკუთარ ქონებაზე და გადაწყევტილებებზე სრული თავისუფლება დაიბრუნოს. საქმე ის არის, რომ 13 წელია, რაც სპირსის მამა მისი მეურვეა, რის გამოც მომღერალი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს საკუთარ ფინანსებთან და პირად ცხოვრებასთნ დაკავშირებით,

სასამართლომ წინა სხდომაზე ბრიტნი სპირსს უარი უთხრა მამის მეურვეობის გაუქმებაზე. 

„ამერიკის სასამართლო სისტემა ცუდად მოგეპყროთ.. ის, რაც თქვენ გადაგხდათ არც ერთ სხვა ამერიკელს არასდროს არ უნდა დაემართოს. კონგრესს შეუძლია უკეთესობისკენ სიტუაციის შეცვლა,“ – წერია წერილში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წარმომადგენლები აგზავნიან.


მომღერლის თქმით, მის ქონებას, კარიერას, ჯანმრთელობას და პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს მამამისი განკარგავს.

“ეს მეურვეობა ბევრად უფრო მეტ ზიანს მაყენებს, ვიდრე სარგებელს. ვიმსახურებ, რომ მქონდეს ცხოვრება”, — განაცხადა ბრიტნი სპირსმა ლოს ანჯელესში გამართულ სასამართლო პროცესზე.

39 წლის მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მეურვეობა მისთვის უხერხული და დამამცირებელია. სპირსი გამოსვლისას სოციალურ მედიასაც შეეხო და თქვა, რომ ინსტაგრამზე ცდილობდა ბედნიერი გამოჩენილიყო, თუმცა ეს ტყუილია.

ასევე, სპირსის თქმით, მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება. მომღერლის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი მას თავს აგრძნობინებს ისე, თითქოს ნასვამია და ართმევს საუბრის უნარს.

მომღერლის მამის ადვოკატმა სასამართლოზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია სასამართლოში გამოთქმული ბრალდებებით.

“ის [მამა] წუხს, რომ უწევს საკუთარი შვილის ტანჯვის ყურება. ბატონ სპირსს უყვარს საკუთარი შვილი და ძალიან ენატრება”, — განაცხადა ადვოკატმა.

ბრიტნი სპირსის მამა 13 წელია, მისი მეურვეა. სასამართლო მეურვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებიდან გამომდინარე.

სპირსის მეურვეობა ორ ნაწილად არის დაყოფილი — ერთი ნაწილი მის ფინანსებს შეეხება, მეორე კი ვრცელდება მის პირად ცხოვრებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოპ ვარსკვლავი 2008 წლიდან ვერ აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს.

შემდეგი პროცესი 14 ივლისს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი