ახალი ამბები

“არ ვარ ბედნიერი” — ბრიტნი სპირსი სასამართლოს მამის მეურვეობის გაუქმებას სთხოვს

24 ივნისი, 2021 • 1731
“არ ვარ ბედნიერი” — ბრიტნი სპირსი სასამართლოს მამის მეურვეობის გაუქმებას სთხოვს

ამერიკელმა პოპ მომმღერალმა ბრიტნი სპირსმა ოთხშაბათს სასამართლო პროცესზე მის მიმართ დაწესებულ მეურვეობაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მის ქონებას, კარიერას, ჯანმრთელობას და პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს ბრიტნის მამა, ჯეიმი სპირსი განკარგავს.

“ეს მეურვეობა ბევრად უფრო მეტ ზიანს მაყენებს, ვიდრე სარგებელს. ვიმსახურებ, რომ მქონდეს ცხოვრება”, — განაცხადა ბრიტნი სპირსმა ლოს ანჯელესში გამართულ სასამართლო პროცესზე. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

39 წლის მომღერალმა ოთხშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მასზე დაწესებული მეურვეობა მისთვის უხერხული და დამამცირებელია. სპირსი გამოსვლისას სოციალურ მედიასაც შეეხო და თქვა, რომ ინსტაგრამზე ცდილობდა ბედნიერი გამოჩენილიყო, თუმცა ეს ტყუილია.

“მე ვარ უარყოფილი, შოკში, ტრავმირებული. არ ვარ ბედნიერი. ვერ მძინავს. სიგიჟემდე ვარ გაბრაზებული. დეპრესია მაქვს. ყოველდღე ვტირი”, — განაცხადა ბრიტნიმ.

მომღერალმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ყველა სხვა უფლებასთან ერთად სამედიცინო ჩარევის შედეგად შეზღდული აქვს შვილის ყოლის შესაძლებლობაც. ორი შვილის დედას საკუთარ შეყვარებულზე დაქორწინება და კიდევ ერთი შვილის გაჩენა სურს, რისთვისაც საშვილოსნოსში კონტრაცეპციული მოწყობილობის მოხსნას ითხოვს.

“ვიმსახურებ, რომ მქონდეს ის უფლებები, რაც ყველა სხვა ადამიანს აქვს, მქონდეს შვილისა და ოჯახის ყოლის უფლება”, — თქვა ბრიტნიმ სასამართლოზე.

ასევე, სპირსის თქმით, მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც ბილოპარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება. მომღერლის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი მას თავს აგრძნობინებს ისე, თითქოს ნასვამია და ართმევს საუბრის უნარს.

მომღერლის მამის ადვოკატმა სასამართლოზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია სასამართლოში გამოთქმული ბრალდებებით.

“ის [მამა] წუხს, რომ უწევს საკუთარი შვილის ტანჯვის ყურება. ბატონ სპირსს უყვარს საკუთარი შვილი და ძალიან ენატრება”, — განაცხადა ადვოკატმა.

ბრიტნი სპირსის მეურვე 2008 წლიდან მისი მამაა. სასამართლო მეურვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდბლად მიღება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებიდან გამომდინარე.

სპირსის მეურვეობა ორ ნაწილად არის დაყოფილი — ერთი ნაწილი მის ფინანსებს შეეხება, მეორე კი ვრცელდება მის პირად ცხოვრებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოპ ვარსკვლავი 2008 წლიდან ვერ აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი