ახალი ამბები |

სასამართლომ ბრიტნი სპირსს უარი უთხრა მამის მეურვეობის გაუქმებაზე

1 ივლისი, 2021 | | 631
სასამართლომ ბრიტნი სპირსს უარი უთხრა მამის მეურვეობის გაუქმებაზე

ლოს-ანჯელესის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრიტნი სპირსის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც მომღერლის $60-მილიონიან ქონებაზე მამამისის, ჯეიმი სპირსის მეურვეობის მოხსნას ითვალისწინებდა. 30 ივნისით დათარიღებული გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება.

ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბრიტნი სპირსის დრამატულ ჩვენებას მამამისის წინააღმდეგ, რომლითაც ის გასულ კვირას წარდგა სასამართლოს წინაშე. არამედ, ეს არის პასუხი მომღერლის ადვოკატის შუამდგმლობაზე, რომლითაც მან სასამართლოს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიმართა.

მომღერალი აღნიშნავდა, რომ ეშინოდა მამამისის, რომელიც მის ცხოვრებას 2008 წლიდან განკარგავდა. სპირსს სურდა, ხსენებული ქონების ერთადერთი მეურვე ქონების მართვის კერძო კომპანია “Bessemer Trust” გამხდარიყო.

თებერვალში მოსამართლემ გადაწყვიტა, აღნიშნული კომპანია სპირსის ქონების თანამეურვედ დაენიშნა, თუმცა მომღერლის მამა მეურვეობიდან არ ჩამოუშორებია. ეს უკანასკნელი მოთხოვნა სასამართლომ 30 ივნისის გადაწყვეტილებითაც უარყო.

საქმის შემდგომი განხილვა 14 ივლისს არის ჩანიშნული.

ბოლო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრიტნი სპირსის ჩვენება, რომლითაც ის სასამართლოს წინაშე 1 კვირის წინ წარდგა. მომღერლის თქმით, მის ქონებას, კარიერას, ჯანმრთელობას და პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს მამამისი განკარგავს.

“ეს მეურვეობა ბევრად უფრო მეტ ზიანს მაყენებს, ვიდრე სარგებელს. ვიმსახურებ, რომ მქონდეს ცხოვრება”, — განაცხადა ბრიტნი სპირსმა ლოს ანჯელესში გამართულ სასამართლო პროცესზე.

39 წლის მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მეურვეობა მისთვის უხერხული და დამამცირებელია. სპირსი გამოსვლისას სოციალურ მედიასაც შეეხო და თქვა, რომ ინსტაგრამზე ცდილობდა ბედნიერი გამოჩენილიყო, თუმცა ეს ტყუილია.

ასევე, სპირსის თქმით, მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება. მომღერლის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი მას თავს აგრძნობინებს ისე, თითქოს ნასვამია და ართმევს საუბრის უნარს.

მომღერლის მამის ადვოკატმა სასამართლოზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია სასამართლოში გამოთქმული ბრალდებებით.

“ის [მამა] წუხს, რომ უწევს საკუთარი შვილის ტანჯვის ყურება. ბატონ სპირსს უყვარს საკუთარი შვილი და ძალიან ენატრება”, — განაცხადა ადვოკატმა.

ბრიტნი სპირსის მამა 13 წელია, მისი მეურვეა. სასამართლო მეურვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებიდან გამომდინარე.

სპირსის მეურვეობა ორ ნაწილად არის დაყოფილი — ერთი ნაწილი მის ფინანსებს შეეხება, მეორე კი ვრცელდება მის პირად ცხოვრებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოპ ვარსკვლავი 2008 წლიდან ვერ აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი