ახალი ამბები

პრინციპული საკითხია ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა – ბოკერია პრაიდის კვირეულზე

1 ივლისი, 2021 •
პრინციპული საკითხია ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა – ბოკერია პრაიდის კვირეულზე

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებები პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ამის შესახებ მან პრაიდის კვირეულზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია ამბობს, ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა პრინციპული საკითხია და მას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი და თავისუფლება.

“ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები და მეორე მხრივ, სასულიერო პირები აგრძელებენ პირდაპირ ძალადობის წახალისებას ამ განცხადებებით. სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმს აქვს ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვის და ამ ვალდებულების შესრულების მაგივრად, პირდაპირ სიგნალს უშვებს, რომ ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს, მათი აზრით, არ აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს.

ეს არის საფრთხე არამხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის არის საფრთხე. ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება ძვირფასია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს “თბილისი პრაიდის” ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი. მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს. ღონისძიების ორგანიზატორები კინოჩვენების ადგილს არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ლოკაციამ მაინც გაჟონა და ადგილზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მივიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი