ახალი ამბები

ასტრაზენეკას მეორე დოზა 10 კვირის შემდეგ: რეგიონებში არ ცრიან, თბილისში — კი

1 ივლისი, 2021 • 3246
ასტრაზენეკას მეორე დოზა 10 კვირის შემდეგ: რეგიონებში არ ცრიან, თბილისში — კი

“ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრის შესაძლებლობა არ ეძლევათ იმ პირებს, რომლებმაც პირველი დოზა 10 და მეტი კვირის წინ გაიკეთეს და რეგიონებში ცხოვრობენ. 10 კვირიანი ვადის შემდეგ ასტრაზენეკას მეორე დოზით აცრა მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. 

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა შეექმნა ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელსაც პირველი დოზით ვაქცინაციიდან 10 კვირიანი პერიოდი უკვე გაუვიდა და მეორე დოზით ვაქცინაციის შესაძლებლობა არ ეძლევა.

მოქალაქეს უთხრეს, რომ ბათუმში ვაქცინის დოზები არ აქვთ და ვაქცინაცია მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი ამ ეტაპზე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა NCDC-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამირან გამყრელიძეს ახლა კითხვებით ვერ მიმართავდნენ. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა ორგანიზაციაში თუ არსებობდა სხვა უფლებამოსილი პირი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გვიპასუხებდა იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყრელიძე დაკავებული იყო, თუმცა ცენტრის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო მამუკაშვილმა სხვა უფლებამოსილი პირისთვის კითხვის დასმაზეც უარი გვითხრა.

აღნიშნულის შემდეგ საკითხის გარკვევა “ნეტგაზეთმა” ჯანდაცვის სამინისტროსთან სცადა, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ თემებს NCDC კურირებს და კითხვითაც მათ უნდა მივმართოთ.

ბოლოს, “ნეტგაზეთი” ვაქცინაციის ცხელ ხაზს, 1522-ს დაუკავშირდა. ცხელ ხაზზე დაგვიდასტურეს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის კაბინეტები მართლაც მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი და რეგიონებში განახლებას ელოდებიან, თუმცა ცენტრის ოპერატორმა ვერ გაგვცა ზუსტი პასუხი “ასტრაზენეკას” დოზების რეგიონებში ამოწურვის გამო ხდებოდა ეს, თუ სხვა ხარვეზს ჰქონდა ადგილი.

ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ როდის განახლდებოდა ამცრელი კაბინეტების შესახებ ინფორმაცია, ვაქცინაციის პორტალზე ზუსტად არ იცოდნენ, თუმცა სავარაუდოდ უახლოეს კვირა-ნახევარში ეს არ მოხდებოდა და გვირჩიეს იმ პირის მონაცემები დაგვეტოვებინა, რომელიც სასურველ რეგიონში აცრას ვერ ახერხებს, რათა შესაბამისი უწყებებისთვის ეს ინფორმაცია გადაეგზავნათ.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რატომ გაუქმდა „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნები – გამყრელიძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი