ახალი ამბები

“კრიტიკული კითხვების დამსმელი არავინ დარჩა” – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გაიმართა

1 ივლისი, 2021 •
“კრიტიკული კითხვების დამსმელი არავინ დარჩა” – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გაიმართა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომლის პარალელურად ამ პროცესების გასაპროტესტებლად საბჭოს შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები არ არის ლეგიტიმური და მის შეჩერებას ითხოვენ.

არალეგიტიმურობის არგუმენტებად კი აქციის მონაწილეები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრის არარსებობას, ამ პროცესების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას და მათ რეკომენდაციებს, ასევე შარლ მიშელის შეთანხმებას.

“იუსტიიციის საბჭოს დღეს არ აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ უზენაესი სასამართლოს გასაუბრების პროცესი ჩაატაროს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ არიან პარლამენტის წარმომადგენლები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება ხელისუფლების სამი შტოს წარმომადგენლისგან: პრეზიდენტი, პარლამენტი და სასამართლო. ყველაზე მნიშვნელოვანი შტო აქედან არის პარლამენტი და მისი წარმომადგენლები არ არიან იუსტიციის საბჭოში. ამიტომ ამ საბჭოს არ აქვს ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრება ჩაატაროს.

ვინ დაუსვამს კანდიდატებს კრიტიკულ შეკითხვებს? მოსამართლეები თუ ღვამიჩავა (პრეზიდენტის არჩეული წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში). დღეს გასაუბრებაზე არ არის ისეთი წევრი, ვინც კანდიდატებს კრიტიკულ შეკითხვებს დაუსვამს”, – განმარტა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კახა წიქარიშვილმა.

“დემოკრატიის ინდექსი საქართველოს” დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი ეკა ციმაკურიძე კი აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესისადმი ნდობა არ არსებობს და ამ პროცესებს საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები აკრიტიკებენ. მისი თქმით, ზოგიერთ ანგარიშში სასამართლო “კლანი” პირდაპირ არის ნახსენები.

ციმაკურიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მართმსაჯულების რეფორმის გატარებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერდეს.

“დღეს კონკურსში მონაწილეობენ ის კანდიდატები, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებული “კლანთან”, ან თავად წარმოადგენენ კლანის წევრებს. შესაბამისად აქ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ მოსამართლეებს კეთილსინდისიერების ან პროფესიონალიზმის ნიშნით ირჩევენ.

სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი და ეს აფრეხებს საქართველოს სვლას და დაახლოებას ევროკავშირთან, რადგან ევროკავშირის პარლამენტის დოკუმენტებში სპეციალური რეზოლუციაც იყო გამოცემული, რომ მოსამართლეების დანიშნვნასთან დაკავშირებით ძირეული რეფორმებია საჭირო, ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. ამას დაემატა შარლ მიშელის შეთანხმებაში პირდაპირი მითითება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ მანამდე, სანამ არ განხორციელდება რეფორმა. ეს ნიშნავს, რომ “კლანი” და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოქმედება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გვაკარგვინებს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივას”, – განმარტა ციმაკურიძემ.

2021 წლის 19 აპრილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც სასამართლო რეფორმას ითვალისწინებდა.

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა”, — ნათქვამია 19 აპრილის შეთანხმებაში.

“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, 24 მარტს წარადგინა და აპრილში მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; შემოღებულ იქნა გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

23 ივნისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისიწნებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

კობახიძის ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა დააანონსა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი გაგრძელდებოდა, ისინი კვლავ გამოაცხადებდნენ ბოიკოტს და პარლამენტის მუშაობაში აღარ ჩაერთვებოდნენ.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

შეწყვიტეთ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ — მოსამართლეების მიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი