ახალი ამბები

20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათთვის ცალკე სესია ჩაინიშნება – naec

1 ივლისი, 2021 • 1104
20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათთვის ცალკე სესია ჩაინიშნება – naec

დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის [Naec] ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, 20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათთვიც გამოცდების ცალკე სესია ჩაინიშნება.

„მათ ვინც ვერ შეძლეს დღეს კოვიდ ინფექციის გამო გამოცდაზე გამოცხადება, მათთვის აუცილებლად დაინიშნება დამატებითი სესია და ისინი შეძლებენ, რომ წლევანდელ საგამოცდო პროცესში მიიღონ მონაწილეობა,“ – თქვა დღეს ჟურნალისტებთან გორგოძემ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. დარეგისტრირებულია 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი. დილის სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94% გამოცხადდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.

შარშანდელი წლისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს გამოცდების მიმდინარეობისაც მოუწევთ პირბადის ტარება. დანარჩენი რეგულაციები კი იგივე რჩება – აბიტურიენტები გაივლიან თერმო სკრინინგს [ტემპერატურის გაზომვა], დაიმუშავებენ ხელებს, გაივლიან დეზო ბარიერს და ამის შემდეგ დასხდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი