ახალი ამბები

მედიაზე თავდასხმა მძიმე ფაქტია — კალაძე წალკის ინციდენტზე

30 ივნისი, 2021 • 1052
მედიაზე თავდასხმა მძიმე ფაქტია — კალაძე წალკის ინციდენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე წალკაში “ტვ პირველის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება.

“სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას. წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება”, — აცხადებს კახა კალაძე.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მომხდარს ასახავს, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე ტელეკომპანია “პირველის” ჯგუფს, ჟურნალისტს კი მიკროფონის ღრუბელს ესვრის. კონფლიქტში ტვ “პირველის” თქმით, ასევე მონაწილეობდნენ თავად გამგებელი და სხვა მოქალაქეები.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი