ახალი ამბები

საპატრიარქო ხედავს რისკს სტაბილურობისთვის – ხაზარაძე „პრაიდზე“

29 ივნისი, 2021 • 1606
საპატრიარქო ხედავს რისკს სტაბილურობისთვის – ხაზარაძე „პრაიდზე“

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „თბილისის პრაიდთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ ახლანდელი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო თუკი მთავრობა რაიმე რისკს ხედავს სტაბილურობასთან დაკავშირებით, „როგორც საპატრიარქო“, „ორმაგი სტანდარტი“ და „კეკლუცობა“ უნდა შეწყვიტოს.

„კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, „რუსთაველზე ჩაატარე“, და მეორე ხელით ეუბნებოდე, „მოდი, ნუ ჩაატარებ“, არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებართვას, თუ ასეთი პრინციპული ხარ“, – განაცხადა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში 29 ივნისს.

„თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და ვერ იცავ კანონს, პოლიცია ვერ იცავს, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, როგორც ხელისუფალი, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის… ზუსტად ეს განაცხადა საპატრიაქრომ, რომ ის ხედავს რისკს, რომ ეს შეიძლება დასრულდეს ცუდად სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. საპატრიარქო ხედავს პრობლემას. კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მაგრამ ნუ ჩაატარებ. ეს ორმაგი სტანდარტი უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, ესე იგი, არ ემხრობა პრაიდის გამართვას, ხაზარაძემ უპასუხა:

„ჩემი პოზიცია არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და დაცულია ეს კონსტიტუციით. მორჩა და გათავდა. და თუ რაიმე გამოხატვას ან ქმედებას სახელმწიფოსთვის მოაქვს ზიანი, და პოლიტიკოსი რომ ხარ და ხედავ ამ ზიანს და საშიშროებას, უნდა იმოქმედო ადეკვატურად. ადეკვატური მოქმედება ის არის, რომ ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო. აქ მინდა დავამთავრო“.

ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე, „ანუ არ ეწინააღმდეგებით პრაიდის ჩატარებას“, უპასუხა:

„მე ვერ შევეწინააღმდეგები იმ კონსტიტუციას, რომელიც კობახიძის და „ქართული ოცნების“ მიერ იქნა ჩასწორებული და მიღებული… მომწონს-არ მომწონსზე არაა ლაპარაკი. ქვეყანა ცხოვრობს ამ კონსტიტუციით, შესაბამისად, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. და მას თავში არავინ არ უნდა ჩაარტყას. და თუ ძალადობაზე გადავდივართ და ამ საშიშროებას ხედავს ხელისუფლება, ორმაგი სტანდარტი არ უნდა მომახვიო თავზე“.


29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მოუწოდა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.

ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ უნდა ჩაატარონ.

მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.


პრაიდი დაბრკოლებების, მუქარების, დაუცველობის ფონზე

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, — აცხადებენ აქტივისტები, რომელთაც ზემოხსენებული კვირეულის აღნიშვნა სურთ.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი