ახალი ამბები

თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი – ხაზარაძე

29 ივნისი, 2021 • 2923
თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი აზრით, თბილისის მერობის კარგი კანდიდატი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იქნება. ხაზარაძის თქმით, ამაზე ესაუბრა კიდეც ჭყონიას, თუმცა ამბობს: „ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“.

ხაზარაძემ 29 ივნისს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან კარგი იქნება“, ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს. „ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით“, – თქვა მან.

„მერობაზე ჩვენ გამოვალთ ისეთი კანდიდატით, რომელიც ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევს [„ქართული ოცნების“ კანდიდატს, სავარაუდოდ, კახი კალაძეს”, – თქვა ხაზარაძემ.

წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ხაზარაძეს უთხრა, რომ მას აქვს „კულუალური ინფორმაცია“, მერობის კანდიდატობა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესთავაზეს და ხაზარაძეს ჰკითხა, ეს მართლაც ასე იყო თუ არა, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა:

„თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი“.

„ვფიქრობ, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი“, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა.

„მე მქონდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა მან.

ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ „პიროვნულად“ არ ერჩის კახი კალაძეს:

„კახი კალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი. არაჩვეულებრივი სპორტსმენია. მე არ მეშინია, ვიღაცებისგან განსხვავებით, ადამიანის ღირსებებზე ვისაუბრო. კარგი სპორტსმენია, კარგი ადამიანია, კარგი მეოჯახეა და რაღაც-რაღაცები კარგად გააკეთა. თუმცა ბევრი რაღაც არ გააკეთა, რაც ჩემი აზრით, გასაკეთებელი იყო“.

„კახი კალაძე რომ კახი კალაძე იყოს მარტო, შეიძლება მე თვითონ დამეჭირა მხარი, მაგრამ ის არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომლის პარტიამაც ეს ქვეყანა დაშალა“, – აცხადებს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი