ახალი ამბები

საკონსტიტუციოში ვადა გასდის სააკაშვილის დანიშნულ ბოლო მოსამართლეს

29 ივნისი, 2021 • 1554
საკონსტიტუციოში ვადა გასდის სააკაშვილის დანიშნულ ბოლო მოსამართლეს

საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ეწურება მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს.

ცაბუტაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 2011 წლის 4 ივლისს დანიშნეს. ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი წევრი, რომელიც 2012 წლამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა აღნიშნულ პოზიციაზე. საკონსტიტუციოს ყველა დანარჩენი მოსამართლე პოსტზე “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში დაინიშნა.

იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტური ხდება, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო.

მოქმედი კანონმდებლობით, ახალი წევრი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დანიშნოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) 7 ივლისამდე  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ თბილისში, ათონელის ქუჩა N25-ში, ან გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე info@president.gov.ge.

მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი 2018 წელს სკანდალში გაეხვა. მან მოქალაქეს ფეისბუკზე შეაგინა და მედიასთან აღნიშნული აღიარა კიდეც.

„ისე შენ დედას შ…“ – მოქალაქის გინებისთვის საკონსტიტუციოს მოსამართლეს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი