ახალი ამბები

გოცირიძე პრეზიდენტს პრაიდზე მისვლისკენ მოუწოდებს

28 ივნისი, 2021 • 1236
გოცირიძე პრეზიდენტს პრაიდზე მისვლისკენ მოუწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე პრეზიდენტს პრაიდზე მისვლისკენ მოუწოდებს.

დეპუტატის თქმით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონით დაშვებულ ფარგლებში, თუმცა ეს არგუმენტი დღეს საკმარისი არ არის და საკითხი არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ადამიანურ მიდგომასაც საჭიროებს.

“უნდა შეწყდეს ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, 5-ში მივიდეს პრაიდზე. ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ხოლო ის შავბნელი ძალები, რომლებიც მოინდომებენ ან ვითარების არევას, ან ძალადობას, უნდა დაისაჯონ უმკაცრესად. დასჯის ლეგიტიმური და ექსკლუზიური უფლება აქვს ხელისუფლებას. მოხდება რამე ექსცესი, იქნება მისი პასუხისმგებლობა”, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, როდესაც დეპუტატები მოუწოდებენ, რომ რაღაც ვითარებიდან გამომდინარე მსგავსი აქციები არ ჩატარდეს, ეს ძალადობის პირდაპირი წახალისება და საქართველოს მთავრობის და რუსეთის მიერ მართული მოფაშისტო ჯგუფების გააქტიურებაა.

დეპუტატის თქმით, არც “ბნელ სასულიერო პირებს”აქვთ ადამიანების კონსტიტუციური უფლების დარღვევის უფლება.

“თუ რომელიმე სასულიერო პირი მოუწოდებს კანონის დარღვევისკენ, ის უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, არ აქვს მნიშვნელობა, ანაფორა აცვია თუ არა”, — დასძინა გოცირიძემ.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება.

“თბილისი პრაიდი” 5 ივლისს რუსთაველზე “ღირსების მარშს” გამართავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი