ახალი ამბები

ბასილაშვილის საქმე: ენდი მარი უიმბლდონზე შემზღუდავი პროტოკოლის დაწესებას უჭერს მხარს

28 ივნისი, 2021 • 2179
ბასილაშვილის საქმე: ენდი მარი უიმბლდონზე შემზღუდავი პროტოკოლის დაწესებას უჭერს მხარს

ჩოგბურთელი ენდი მარი, რომელიც უიმბლდონის ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა დაუპირისპირდეს, აცხადებს, რომ ისეთ დროს, როდესაც სპორტსმენების მიმართ ოჯახში ძალადობის ტიპის ბრალდებები არსებობს, უნდა მოქმედებდეს გარკვეული პროტოკოლი და პროცესი.

ენდი მარიმ აღნიშნული განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ  ტურნირის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტმა ჩოგბურთელს ჰკითხა, რას ფიქრობდა მის მოწინააღმდეგე ნიკოლოზ ბასილაშვილზე, რომელსაც ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებენ, რაზეც საქართველოში გამოძიებაც მიმდინარეობს და მისი აზრით, უნდა ჰქონდეთ თუ არა მსგავს დანაშაულებში ბრალდებულ სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა:

“მე ვისაუბრე ამაზე რამდენიმე თვის წინ, როდესაც მკითხეს მასსა და [ალექსანდრე] ზვერევზე. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს პროტოკოლი და გაწერილი წესები, როდესაც ასეთი ბრალდებები არსებობს.

მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია ამ პროცესების შესახებ, თუმცა რაც მსმენია, კარგი არაა. დიახ, ATP-მ, მმართველმა ორგანოებმა, ITF-მა და სლემებმა ესენი უნდა დანერგონ” – აცხადებს ჩოგბურთელი ენდი მარი, რომელიც წარსულში უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულია.


2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა.

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი