ახალი ამბებიკომენტარი

რას იმახსოვრებს კანი და რატომაა საჭირო მზისგან დაცვა დახურულ სივრცეშიც — ინტერვიუ დერმატოლოგთან

28 ივნისი, 2021 • 8210
რას იმახსოვრებს კანი და რატომაა საჭირო მზისგან დაცვა დახურულ სივრცეშიც — ინტერვიუ დერმატოლოგთან

კანი იმახსოვრებს და აგროვებს მზის ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ წლების წინ მიღებული ნამზეური შეიძლება, დროთა განმავლობაში ხალების გადაგვარების მიზეზი გახდეს. ექიმების რეკომენდაციაა, მზისგან დამცავი საშუალებები დახურულ სივრცეშიც გამოიყენოთ. რა როლს თამაშობს მზე კანის დაავადებების პროვოცირებასა და მკურნალობაში და როგორ უნდა დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან? — ამ და სხვა თემებზე “ნეტგაზეთი” დერმატო-ვენეროლოგს, კლინიკა “კანის” მთავარ ექიმ გიორგი არველაძეს ესაუბრა.


— რა როლი აქვს მზის სხივებს კანის დაავადებების პროვოცირებაში და როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულის პერიოდში მზის მავნე ზემოქმედებისგან ?

— არსებობს გარკვეული დერმატოლოგიური დაავადებები, დერმატოზები, რომელთა გამართულებელ ფაქტორად შესაძლოა, განვიხილოთ მზის ჭარბი ინსოლაცია [დასხივება]. თუმცა არსებობს სხვა სახის დერმატოზები, რომელთა შემთხვევაშიც მზეს, დოზირებულად, დადებითი გავლენა შეუძლია. დაავადებები, რომელთა მიმართაც მზის სხივი ნეგატიურად მოქმედებს, არის როზაცეა — როდესაც სახის კანზე არის გამოხატული სიწითლე, კაპილარული ქსელი, ჰიპერემია და ხშირად თანდართული გამონაყარი, ანთებითი წითელი ელფერის კვანძებით ან ჩირქოვანი ელემენტებით. მზის ინსოლაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ხალების და წარმონაქმნების ფაქტორი. მზის ჭარბი ინსოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მრავლად აქვთ სხვადასხვა ტიპის ხალი, მათი წინასწარი დიაგნოზირების გარეშე აკრძალულიც არის იმიტომ, რომ მზის სხივს გააჩნია ხალის უჯრედების გენომის დამარღვეველი ფუნქცია, რასაც მომავალში შეიძლება მოჰყვეს მუტაციური ცვლილებები, რაც საფუძვლად ედება სიმსივნური უჯრედების აღმოცენებას. ამასთან, კანს აქვს ერთი ცუდი თვისება — ის იმახსოვრებს, მასში აკუმულირდება მზის ინსოლაცია და წლების წინ მიღებული ნამზეური შეიძლება, რაღაც პერიოდის შემდეგ გახდეს ამა თუ იმ წარმონაქმნის სტრუქტურის ცვლილების მიზეზი.

გარდა ამისა, მზის ჭარბი ინსოლაცია ერთ-ერთი რისკფაქტორია კანზე სხვადასხვა სახის ლაქების წარმოქმნისა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰიპერპიგმენტური, ანუ ყავისფერი ელფერის ლაქები შეიძლება აღმოცენდეს. მეორე მხრივ, შესაძლოა, წარმოიქმნას თეთრი ელფერის ლაქა, რომელიც შეიცავს პიგმენტის გარკეულ ოდენობას. მზე ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია ვიტილიგოს შემთხვევაში. ამ დაავადების პირველად გამოვლენა ხშირად უკავშირდება მზის ჭარბ ინსოლაციას.

გარდა ამისა, ვისაც თეთრი, პირველი ტიპის, მგრძნობიარე კანი აქვს, მზის ჭარბმა ინსოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და დამწვრობის შემდგომი გართულებები.

არსებობს, ასევე, კანის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ბაზალუჯრედოვანი კარცინომის ან ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის სახით, რომლის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ანუ პირველადი გამოჩენის მიზეზი, ასევე, ხშირად არის მზის ჭარბი ინსოლაცია.

— მათ შორის, ვისაც აქვთ კანის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი, თუ არიან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები? ასევე, ადამიანები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ კანის სხვადასხვა წარმონაქმნის გაჩენისკენ [გარდა ხალებისა], როგორიცაა პაპილომა, კერატომა და სხვა, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან?

— არა, პაპილომა და კერატომა არის კეთილთვისებიანი, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წარმონაქმნები, რომლებიც გადაგვარებას, ფაქტობრივად, არ განიცდიან. მაგრამ მზის ჭარბმა ინსოლაციამ კანის ზედაპირზე, სადაც, ასევე, პაპილომაა ან კერატომაა, შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ამ წარმონაქმნების ზრდის კუთხით ან გამოიწვიოს მათი დაზიანება ანთებითი პროცესის ხარჯზე.

არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლის დროსაც მზის ინსოლაციის მავნე როლი აქვს, მაგალითად, კუშინგის სინდრომი, ქრონიკურლი დაავადება წითელი მგლურა, რომლის დროსაც მზის როლი ძალიან ნეგატიურია და ხშირად ამ დაავადების პირველადი გამოვლენა სწორედ მზის ინსოლაციასთან ასოცირდება.

თუმცა დერმატოლოგიაში მზე ძირითადად უფრო ეხმარება ქრონიკულ დაავადებებს, ვიდრე არ ეხმარება. მაგალითად, ფსპრიაზის, ეგზემას, ატოპიური დერმატიტის შემთვევაში მზეს უფრო დადებითი როლი აქვს.

— თქვენ ახსენეთ, რომ კანს დაგროვებითი მეხსიერება აქვს. შეიძლება ამ მაჩვენებლის გაზომვა და დაავადების პრევენცია?

— დიახ, კანი იმახსოვრებს მზის ინსოლაციას, დაგროვებას ახდენს და ეს სავალალოა ხალების შემთხვევაში, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს ესა თუ ის სტრუქტურული ცვლილება. კუმულაციური მაჩვენებლის გაზომვა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მსოფლიოში ხელმისაწვდომი არ არის.

— თუმცა ხალების მონიტორინგი და შეფასება შესაძლებელია…

— აუცილებლად, დღესდღეობით არსებობს ხალების დიაგნოზირების ძალიან ბევრი მეთოდი, რომელთაგანაც ყველაზე მარტივი, თანამედროვე, არაინვაზიური, უმტკივნეულო პროცედურაა დერმატოსკოპია, როდესაც ხდება ხალის სტრუქტურის შესწავლა. დღესდღეობით არსებობს უკვე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ხშირად ინტეგრირებულია დერმატოსკოპში და ექიმს შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე წამში მოხდეს ხალის ავთვისებიანობის და შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი თითოეული ცვლილების შეფასება, რაც ადამიანს ფიზიკურად შეიძლება, გამორჩეს. არსებობს კარტოგრაფიის მეთოდი, როდესაც სხეულზე არსებული პირობითად ყველა წარმონაქმნის შეფასება ხდება.

თუ ადამიანს აქვს 200-300 ხალი, ფიზიკურად შეუძლებელია, თითოეულ მათგანს რეგულარულად ადევნოს თვალი და დაიმახსოვროს თითოეული ცვლილება. ასეთ დროს, იყენებენ დიაგნოზირების ამ მეთოდს, მთელ სხეულს სწავლობენ და ე.წ. კანის პასპორტი იქმნება. თითოეული ხალის და ცვლილებების შესახებ ადამიანს აქვს რეგულარული ინფორმაცია და ეს არის უკვე სრული გარანტია, რომ სამომავლოდ მოხდეს [კანის კიბოს] პრევენცია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გენეტიკა დატვირთული აქვთ კანის ავთვისებიანი დაავადებებით, ან მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდა გარკვეული ავთვისებიანი წარმონაქმნი, მოხდა მისი მოკვეთა, მკურნალობა და დარჩა სხვა უამრავი ხალი, რომელსაც მომავალში სჭირდება მონიტორინგი. დღესდღეობით ეს პროცედურა სრულიად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია.

— ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ, თუ საერთოდ არსებობს უსაფრთხო გარუჯვა… მზისგან დამცავი საშუალებები რამდენად ეფექტიანია?

— დავიწყოთ იმით, რომ გარუჯვა და უსაფრთხოება დიდად ერთმანეთთან ვერ მეგობრობენ. დღეს უკვე რეკომენდაციები არსებობს, რომ მზის დამცავი საცხის გამოყენება საჭიროა სახლში ყოფნის დროსაც, ღრუბლიან ამინდშიც… ზამთარში, როცა მივდივართ მაღალმთიან რეგიონში, სადაც მზის ინსოლაცია საკმაოდ მაღალია, იგივენაირად უნდა გამოვიყენოთ მზის დამცავი, როგორც ზაფხულის პერიოდში. იგივე ზაფხულის პერიოდში, თუნდაც შენობაში ყოფნის დროს, თუ ადამიანი ხვდება აივანზე, არის ფანჯრის პირას, ან ხშირად გადაადგილდება მანქანით — ესეც გარკვეულწილად დახურულ სივრცესთან ასოცირდება — მაინც აღწევს მზის სხივები და კანის ზედაპირზე მზის სხივების ჭარბი ინსოლირების იგივე რისკია. გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, მაგრამ ეს არ არის 100%-ით დაცვა. თუ ვსაუბრობთ 100%-იან დაცვაზე, სასურველია ტანისამოსის ქვეშაც, კანის ზედაპირზე მზის დამცავი საცხის გამოყენება.

მზის დამცავი საცხი კანის ზედაპირის ჭარბი ინსოლაციისგან დაცვის სრული გარანტია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად მზის დამცავის სიძლიერეს, ფილტრის ოდენობას. დღესდღეობით ძალიან პოპულარულია სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ასევე შეიცავს 10%, 15% ან 20%-იან მზის დამცავ ფილტრს. ამ ოდენობის ფილტრი ნამდვილად ვერ იცავს კანს მზის ჭარბი ინსოლაციისგან. იმ საშაულებების ფილტრი, რომლებიც ნამდვილად ეფექტურია, იწყება 30-დან ზემოთ, 50+ და არსებობს 100%-იანი მზის დამცავი საცხებიც. ამ უკანასკნელს  უფრო ვიტილოგოს შემთხვევაში იყენებენ.

ასევე უნდა ვთქვათ, მზის დამცავი გამოიყენება მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და ის მოქმედებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. თუ ადამიანს 2 საათზე მეტხანს უწევს მზის ინსოლაციის ქვეშ ყოფნა, ახალი ფენა უნდა დაიმატოს.

ძალიან პოპულარულია ხალების შენიღბვა ქსოვილით ან წებოვანი პლასტირით. ის 100%-იან დაცვას ვერ უზრუნველყოფს — ერთი, და მეორე — ამ პლასტირების დაწებება ხშირად ასოცირდება გარკვეულ ტრავმირებასთან და ესეც შეიძლება დისკომფორტის ან კანის მთლიანობის დარღვევის მიზეზი გახდეს. ამიტომ ხალების, სხვადასხვა წარმონაქმნების და კანის სრული ზედაპირის თავდაცვის მიზნით არსებობს საცხები, რომლებიც თითქმის 100%-ით უზრუნველყოფენ კანის ზედაპირის დაცვას.

რაც შეეხება ზოგადად ნამზეურის მიღების საკითხს, ოპტიმალური, ნებადართული პერიოდი, როდესაც მზის დამცავის ქვეშ შეიძლება გავირუჯოთ, არის დილის 11 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდომ. 11-დან 6-მდე პერიოდში, რეკომენდებულია, რომ ადამიანი არ მოხვდეს აქტიური მზის სხივების ქვეშ.

ნამზეურის ისტორია სრულიად შემთხვევით ხასიათს ატარებს, როდესაც პოპულარული გახდა და მოდაში შემოვიდა. ადრე პირიქით, თეთრი ფერი ითვლებოდა ტრენდულად და მაშინ უფრო ნაკლები იყო ნამზეურის მიღებით გამოწვეული სხვადასხვა სახის გართულებები. ზოგადად, მზესთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ ის გახდეს ჩვენი მეგობარი.

— მზის დამცავები საშუალებებიც განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით? როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად?

— მზის დამცავები განსხვავდება ხარისხით, შემადგენლობით, თუმცა ძალიან დიდი არჩევანია დერმატოლოგიური ბრენდების, ფასის მხრივაც. მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ დამცავი ფილტრის სიძლიერეს — 30-დან ზემოთ. ასევე, მნიშვნელოვანია და შეფუთვაზე მითითებულია, რა სახის მზის სხივებს ბლოკავს. სასურველია, ეს იყოს როგორც UVA, ასევე, UVB სხივი. დანარჩენი უკვე იმის მიხედვით შეიძლება ფასის განსაზღვრა, თუ რა დამატებითი ინგრედიენტები შედის მზის დამცავ საშუალებაში. არსებობს დამატენიანებელი ეფექტით, შემნიღბველი ტონალურის ეფექტით, სპრესი სახით, ლოსიონის სახით, ცხიმიანი კანის ტიპისთვის, მგრძობიარე კანის ტიპისთვის და ა.შ. ანუ სრული ასორტიმენტია, რომ თითოეულმა ადამიანმა კონკრეტულად მისი კანის ტიპისთვის მოირგოს მზის დამცავი. ფინანსური კუთხითაც ხელმისაწვდომია.

— ავტორუჯი, სოლარიუმი თუ მზე — რომელია რუჯის მიღების ყველაზე მავნე და შედარებით უსაფრთხო მეთოდი?

— მიჩნეულია, რომ სოლარიუმი უფრო მავნეა, ვიდრე ბუნებრივი მზის ინსოლაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მზე სრულიად უვნებელია. ის ადამიანები, რომლებიც დატვირთული არიან ხალებით და რეგულარულად მოიხმარენ სოლარიუმს, რისკჯგუფში ხვდებიან წარმონაქმების გადაგვარების კუთხით. ამიტომ მათთვის უმჯობესია, მოხდეს თითოეული ამ წარმონაქმნის იდენტიფიცირება, დიაგნოზირება და რეკომენდაციის მიღება.

ავთვისებიან წარმონაქმნებთან მიმართებით ავტორუჯი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სოლარიუმი და მზე, თუმცა აქ უკვე ძალიან ხშირია მეორადად აღმოცენებული კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქცია, ანთებითი პროცესი, რაც უკავშირდება იმ ინგრედიენტებს, რომლებიც ავტორუჯში შედის და კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება ალერგენის როლი შეასრულოს.

— რა როლი აქვს მზის სხივებს ნაადრევ დაბერებაში?

— მზის ინსოლაცია კანის სტრუქტურულ ცვლილებებში, გაუწყლოებაში, კანის ჩონჩხის, კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოების სინთეზის შემცირებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს და ამიტომაც მიჩნეულია, რომ რეგულარული ნამზეური კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი ნიშანია. გამოშრობა, რაც თან ახლავს გარუჯვის პროცესს, კანის სტრუქტურის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამიტომ ცალკე საკითხია გარუჯული კანის მოვლა, იმისთვის რომ შემდგომში თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის ვიზუალური გართულებები.

— მზის დამცავის საშუალებების გამოყენება D ვიტამინის მიღებას ხელს უშლის? 

— არა. D ვიტამინის მიღებისთვის აუცილებელი არ არის, მზე მთელი დღე გვხვდებოდეს კანზე. საკმარისია, 15-20 წუთის მანძლზე თუნდაც ხელის მტევანზე მოხვდეს მზის სხივი, რომ ორგანიზმში იმ ოდენობით ხდება D ვიტამინის სითეზი, რაც საჭირო და საკმარისია.

— რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების მზეზე ყოფნისას?

— უპირობოდ მზის დამცავი, ასევე, დამატებითი ატრიბუტები: ქუდი და გრძელი სამოსი და თვალების დაცვა მზის დამცავი სათვალით.

— მზის ულტრაიისფერი სხივების გარდა, სხვა რა ფაქტორები უწყობს ხელს კანის დაავადებების პროვოცირებას და რას უნდა მოერიდონ ადამიანები?

— ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს კანის დაავადებების პროვოცირებას: სტრესი, ენდოკრინული სისტემა, ანთებითი პროცესები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დავადებები, სიმსივნური დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები და ა.შ. — ჩამონათვალი ძალიან დიდია. ზოგადად, მიჩნეულია, რომ კანი არის ორგანიზმის სარკე. შინაგანად რა დარღვევებიც მიმდინარეობს ორგანიზმში, ხშირად ისახება ხოლმე კანის ზედაპირზეც. დღეს გადაჭარბებულადაც უკავშირებენ კონკრეტულ დაავადებას კანის სხვადასხვა ფაქტორებს, მაგრამ ზოგადად დერმატოლოგიური დაავადებების ძალიან დიდი ნაწილის აღმოცენებაში ჩართულია ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები, დაწყებული იმუნური სისტემით, დამთავრებული ნერვული სისტემით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი