ახალი ამბები

გააგრძელეთ რეფორმები, ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ დაგეხმაროთ მომავალში – ლანდსბერგისი

26 ივნისი, 2021 • 984
გააგრძელეთ რეფორმები, ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ დაგეხმაროთ მომავალში – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის, თქმით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპაში ბევრი მეგობარი ჰყავს, მათაც სჭირდებათ იმის დანახვა, რომ ქვეყანა რეფორმების გზას აგრძელებს. ამის შესახებ მან დღეს, 26 ივნისს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ავსტრიელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზით სიარული, რათა მისმა მეგობრებმა ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის დახმარება შეძლონ.

“ლიეტუვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ამბიციებს. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ევროპის კარი ღია უნდა იყოს. ჩვენც [ლიეტუვას] გვქონდა ეს არჩევანი და კოპენჰაგენის კრიტერიუმი ნათელი იყო ჩვენთვის. ჩვენ გავატარეთ საჭირო რეფორმები და ახლა ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგივე წესი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს.

არსებობს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც საქართველომ უნდა გადადგას, მან უნდა გააგრძელოს ძლიერი რეფორმების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ ევროპაში, ამ მეგობრებსაც აქვთ საკონტროლო სია, სადაც უნდა დავინახოთ, რომ ეს შესრულებულია. ამიტომ გთხოვთ, გააგრძელეთ ამ გზით სვლა და ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ დაგეხმაროთ თქვენ მომავალში”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ლიდერობა შეუძლია.

” საქართველოს ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებაში. ვფიქრობ, საქართველოს განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლია რეგიონში მეტი სტაბილურობისთვის, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, ლიდერობა აიღოთ ხელში და მიხარია, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგმულია”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, თუ ხედავენ საქართველოს, როგორც სამშვიდობო რეგიონულ პლატფორმას, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვიზიტს თბილისში აჯამებენ და ამასთან, გაჭიანურებულ კონფლიქტების გათვალისწინებით, ხომ არ არის ახალი ინიციატივები ან ახალ ფორმატებზე საუბარი, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ საქართველოს რეგიონში პარტნიორები ენდობიან და მის მიმართ მოლოდინები მაღალია.

“ვფიქრობ, დროის და შესაძლებლობების მიცემით საქართველოს შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეგიონში. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე, ასოცირებული ტრიოს მონაწილე და ასევე არაფორმალური მონაწილეა სამხრეთ კავკასიის ტრიოსი. საერთო ჯამში, ეს ხიდია და ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა პარტნიორების დახმარებით, ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. მიხარია, რომ ლიდერებთან დღეს ამის განხილვის შესაძლებლობა გვქონდა”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

რაც შეეხება კონფლიქტების გადაჭრას, მისი თქმით, სჯერა არსებული ფორმატების და მასში ჩართულები უნდა იყვნენ.

“კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებით, მინდა, ვიყო უფრო ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების უკან ხშირ შემთხვევაში რუსეთის ჩართულობაა. ყველგან, სადაც ჩავდივართ, გვაქვს განცდა, რომ ოთახში კიდევ ვიღაც დგას. იმედი მაქვს, ასე არ ყოფილა.

რაც შეეხება კონფლიქტების გადაჭრას, ჩვენ ჩართული უნდა ვიყოთ იმ ფორმატებში, რაც ახლა არსებობს, გვჯერა იმ ფორმატების, რაც არის თუნდაც საქართველოსთან, უკრაინასთან თუ რომელიმე სახვა ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი