ახალი ამბები

“ყიფიანი გაოგნებულია ამ ბრალდებით, თავს დამნაშავდე არ ცნობს” — ადვოკატი

26 ივნისი, 2021 • 1238
“ყიფიანი გაოგნებულია ამ ბრალდებით, თავს დამნაშავდე არ ცნობს” — ადვოკატი

საქართველოს შსს-ს მიერ დაკავებული ვატო ყიფიანი მკვლელობის მომზადების შესახებ ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მისმა ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ ისაუბრა და აბსურდული უწოდა ყიფიანისთვის წარდგენილ ბრალს.

ფხალაძის თქმით, საქმე დაკავშირებულია ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებასთან. ამ საქმეზე გასული წლის იანვარში საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჯამში, 7 ადამიანი დააკავეს: 6 მათგანი საქართველოში, 1 კი — უკრაინაში.

მაშინ გამოძიება ამბობდა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის(ძმები ფეიქრიშვილების) განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

“[ყიფიანს] ბრალი წაუყენეს მკვლელობის მომზადებისთვის და ბრალში მითითებული არის, რომ თითქოს მან გარკვეულ პირებს მისცა დავალებები, რომ მოემზადებინათ ფეიქრიშვილების მკვლელობა. ბრალი არის აბსოლუტურად აბსურდი, თამამად შემიძლია, ვთქვა…” — ამბობს ადვოკატი.

მარიკა ფხალაძის თქმით, ყიფიანი საერთოდ არ იცნობს პირებს, რომლებსაც, ბრალდების მხარის ვერსიით, დავალებებს აძლევდა.

“ყველანი დაკითხულები არიან გამოძიების პროცესში. არც ერთი ადამიანის ჩვენებაში ვახტანგ ყიფიანის სახელი და გვარი ნახსენები არ არის. მოწმეებს აქვთ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები. იქაც ანალოგიური სიტუაციაა.

მათი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ვახტანგ ყიფიანზე ჩვენება არ ყოფილა, რადგან ეს პირები ვახტანგ ყიფიანს არც იცნობენ და ეს მათ ცალსახად აქვთ დაფიქსირებული თავიანთ ჩვენებებში.

[ყიფიანი] გაოგნებულია ამ ბრალდებით”, — დასძენს ადვოკატი.

ფხალაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე წარსულში მოწმის სახით არის დაკითხული და “აბსოლუტურად ეთანხმება იმ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის აქვს მიწოდებული”.

“წარდგენილ ბრალდებაში, ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ”, — აღნიშნავს ფხალაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვატო ყიფიანი 25 ივნისს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. უწყება დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს.

მანამდე, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყიფიანი უკრაინიდან იძულებით გამოაძევეს და თავისი წარმოშობის ქვეყანაში დააბრუნეს.

უწყების სიტყვებით, რამდენჯერმე ნასამართლევი და მძიმე დანაშაულებისთვის მანამდე სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული ყიფიანი ფიგურირებდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შედგენილ სიაში, როგორც პირი, რომლის ქმედებებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნულ უსაფრთხოებას.

უკრაინის პოლიცია ყიფიანს ასევე ედავება, რომ ის გავლენიანი რუსი და ქართველი “კანონიერი ქურდების” ინტერესებს წარმოადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი