ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დაკავებულია: ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს. აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადება, რომლის თანახმადაც იქ მყოფი ყიფიანი იძულებით დააბრუნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. უწყება დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს.
ყიფიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მედიაში გავრცელდა. “მთავარი არხი” და “რუსთავი 2” იუწყებოდნენ, რომ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მანამდე, 25 ივნისს, შუადღეზე, განცხადება გაავრცელა უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ, რომლის თანახმადაც “კრიმინალური ავტორიტეტი” ყიფიანი “იძულებით დააბრუნეს” თავისი წარმოშობის ქვეყანაში.
უწყების სიტყვებით, რამდენჯერმე ნასამართლევი და მძიმე დანაშაულებისთვის მანამდე სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული ყიფიანი ფიგურირებდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შედგენილ სიაში, როგორც პირი, რომლის ქმედებებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა სა მოქალაქეების ეროვნულ უსაფრთხოებას.
უკრაინის პოლიცია ყიფიანს ასევე ედავება, რომ ის გავლენიანი რუსი და ქართველი “კანონიერი ქურდების” ინტერესებს წარმოადგენდა.







