ახალი ამბები

სირცხვილია, რომ საბჭოთა დროინდელი კანონები გვაქვს – ღარიბაშვილი ნარკოპოლიტიკაზე

25 ივნისი, 2021 • 1899
სირცხვილია, რომ საბჭოთა დროინდელი კანონები გვაქვს – ღარიბაშვილი ნარკოპოლიტიკაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სირცხვილია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღემდე საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონები მოქმედებს. მისი თქმით, ამ კანონების შეცვლაზე იუსტიციის მინისტრი მუშაობს. ასე უპასუხა მან პარლამენტში მოსმენისას “გირჩის” წევრ იაგო ხვიჩიას კითხვას.

“რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას. სირცხვილია, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროინდელი მოქმედი კანონები გვაქვს. რატი ბრეგაძის ინციატივა სწორედ ამას შეეხება, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, 2024 წლამდე, არცერთი კანონი არ იყოს საბჭოთა კავშირის დროინდელი, ის ჩანაცვლდეს თანამედროვე კანონებით და ევროკავშირის კანონმდებლობასთან იყოს ჰარმონიზაციაში. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, ლიბერალიზაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მზად ვართ, თქვენგან კონკრეტული ინიციატივები მოვისმინოთ და პარლამენტში ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. მთავრობაც მზაობას გიცხადებთ, რომ ამ დისკუსიაში ჩავერთვებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თუმცა, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება.

“აქ ერთგვარი დაბალანსება უნდა მოხდეს, რომ არ წავახალისოთ მძიმე ნარკოტიკები, ვინაიდან ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, შვილებს, მომავალ თაობას. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი