ახალი ამბები

ინიციატივა კომპენსაციების შესახებ ეწინააღმდეგება ორწლიანი ბრძოლის სულისკვეთებას — 20 ივნისს დაშავებულები

24 ივნისი, 2021 • 965
ინიციატივა კომპენსაციების შესახებ ეწინააღმდეგება ორწლიანი ბრძოლის სულისკვეთებას — 20 ივნისს დაშავებულები

20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი უარყოფითად აფასებს ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას აქციის დარბევის დროს დაშავებულთათვის კომპენსაციების მიცემის შესახებ.

დაზარალებულების აზრით, ფრაქციების — “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა” და “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” — ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან მორალური სახის შენარჩუნების მცდელობაა და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორწლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას

“ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, 2 წელია ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება”,— ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, დაშავებულები განმარტავენ, რომ მათი მიზანია, 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომა, რაც გულისხმობს ბრძანების გამცემი თანამდებობის პირებისა და ბრძანების შემსრულებელი სამართალდამცველების დასჯას, “რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ სამომავლოდ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედოს მოქალაქეების დასახიჩრება და დაზიანება.

დაშავებულები მიიჩნევენ, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია 20 ივნისის საქმის კომპლექსური და სრულფასოვანი გამოძიება და შესაბამისი პირების დასჯა. განცხადებაში განმარტებულია, რომ დაშავებულებს არ სურთ, რეაბილიტაციის გარანტიებსა და თუნდაც შესაბამის ანაზღაურებას “ვინმეს კეთილი ნების” საფუძველზე იღებდნენ, არამედ სურთ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

“სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო იყო მიუღებელი ჩვენთვის მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხებოდა და რომელზედაც ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს. თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა”, — განმარტებულია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, 20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარმოადგენს წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის შენარჩუნების და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორწლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას”, — აცხადებენ 20 ივნისს დაშავებულები.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ 20 ივნისს დაშავებულები: გიორგი სულაშვილი, დავით ქურდოვანიძე, მაკო გომური, ლუკა პეტრიაშვილი, დემეტრე ნაყოფია, გიორგი ბულისკერია, კობა ლეთოდიანი, ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, დავით ხვადაგიანი და ზაზა მღებრიშვილი.

კომპენსაცია და პენსია 20 ივნისს დაზარალებულებს – ოპოზიციის ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი