ახალი ამბები

კომპენსაცია და პენსია 20 ივნისს დაზარალებულებს – ოპოზიციის ინიციატივა

16 ივნისი, 2021 • 1575
კომპენსაცია და პენსია 20 ივნისს დაზარალებულებს – ოპოზიციის ინიციატივა

პარლამენტში კანონპროექტის დარეგისტრირება იგეგმება, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიცემასა და პენსიის დანიშვნას ითვალისწინებს.

ინიციატივა “სტრატეგია აღმაშენებელს” ეკუთვნის და, როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ უერთდება ფრაქცია ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვისაც.

როგორც ინიციატივის შესახებ საუბრისას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მათი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოსგან დაზარალებულებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვასაც.

“გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნებათ პენსია სახელმწიფოს მხრიდან და, რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია”, – განაცხადა ვაშაძემ.

კანონპროექტის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურმა განგვიცხადა, პარტია ინიციატივის შესახებ უფრო ვრცლად ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაიმართება.

უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა. მიუხედავად, იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ არ დარეგისტრირებულა და არც “ქართული ოცნების” წევრებს უნახავთ, ამბობენ, რომ მსგავსი ინიციატივა პოპულისტურად გამოიყურება. მათი თქმით, მხოლოდ 20 ივნისს დაზარალებულებთან დაკავშირებით მსგავსი ინიციატივა “უხერხულია”, როცა 2011 წლის 26 მაისის და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას დაზარალებულებიც არსებობენ.

“ოპოზიციის მხრიდან თვითონ ამ თემის გაჟღერება გაკრვეულწილად პოპულისტური განცხადება არის […]. აპელირებენ 20 ივნისის მოვლენებზე, საერთოდ არ გახსენებიათ 7 ნოემბერი და 26 მაისი. თუ ასე სტკივათ გული, მაშინ რატომ არის, რომ მხოლოდ ამ მიმართულებაზე ხდება მათი მხრიდან საკითხების გამოკვეთა […] დაველოდოთ და ვნახოთ, საბოლოო ჯამში, რა კანონპროექტს წარმოადგენენ, ამაზე ვიმსჯელებთ და უკვე საბოლოო პოზიციასაც არგუმენტირებულად წარმოგიდგენთ”, – განუცხადა “ტვ პირველს” უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა “ტვ პირველთან” პირად პოზიციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხე მსჯელობა პარლამენტში ნამდვილად უნდა იყოს.

“მე პირადად გეუბნებით, რომ თუ მისაღები იქნება კონკრეტული  მუხლები, პრინციპის დონეზე ვეთანხმები”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

“ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციის კანონპროექტის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ დაზარალებულებს. როგორც 20 ივნისის მოვლენებისას ერთ-ერთი დაშავებულის შვილი ნათია ლეთოდიანი ამბობს, ოპოზიციის ეს ინიციატივა ამნისტიაზე ხელმოწერის შემდეგ “სახის შენარჩუნების” მცდელობას ჰგავს.

“ჩემი აზრით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის უშუალოდ დაზარალებულებისთვის და დაშავებულებისთვის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამას “ქართული ოცნება” მხარს არ დაუჭერს. როგორც ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი ჩავარდა, ისე ჩავარდება ეს კანონპროექტიც. ჩემი აზრით, ეს არის ოპოზოციის მცდელობა, შეინარჩუნონ მორალური სახე მას შემდეგ, რაც მათ ამნისტიას მოაწერეს ხელი ისე, რომ დაზარალებულებისთვის არაფერი უკითხავთ. აი, ამის მცდელობას უფრო ჰგავს მათი მხრიდან რეალურად. თორემ თეორიულად შეიძლება ნორმალური იყოს და ღირდეს ამაზე მუშაობა და დისკუსია. თუმცა, პრაქტიკაში რომ ეს განხორციელდება, ჩვენ ამის არ გვჯერა”, – განუცხადა ნეტგაზეთს ნათია ლეთოდიანმა.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. მმართველი გუნდის განცხადებით, საპოლიციო ძალების გამოყენების მიზეზი პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი