ახალი ამბები

აშშ-ის საელჩომ მიშელის შეთანხმებაში სასამართლოს საკითხი მარკერით მონიშნა

23 ივნისი, 2021 • 1808
აშშ-ის საელჩომ მიშელის შეთანხმებაში სასამართლოს საკითხი მარკერით მონიშნა

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, არ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.

“19 აპრილს “ქართული ოცნება” და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ “მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს”. შეთანხმდნენ ყოველისმომცველ და ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის ახალ კანონმდებლობაზე”, — აცხადებს აშშ-ის საელჩო და Twitter-ზე აზიარებს სქრინს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებიდან, სადაც მარკერით გაფერადებულია შემდეგი პუნქტები:

“ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:

  • პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
  • უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა;
  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით.

ვადები:

  1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.
  2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.
  3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.
  4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა”.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილის შეთანხმებაში უცველელი სახით დარჩა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გარემოების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მიიღეს თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოეწერათ ხელი და ანგარიში გაუწიეს ამ თხოვნას.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი