ახალი ამბები

მომეჩვენა, რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ – ზარქუა ომბუდსმენს

23 ივნისი, 2021 • 1358
მომეჩვენა, რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ – ზარქუა ომბუდსმენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა და ოპოზიციის მიმართ ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ზარქუამ ლომჯარიას კითხვების დასმის რეჟიმში მიმართა.

უმრავლესობის წევრი სხვადასხვა საკითხს შეეხო, რომელზეც ლომჯარიამ ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მათ შორის აღნიშნა, რომ ლომჯარია 2019 წელის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას არ შეხებია დაშავებული პოლიციელების საკითხს, როცა ისაუბრა დაშავებულ მომიტინგეებზე.

“თქვენ ერთ მხარეს ამბობთ და სწორიც არის, რომ დაირღვა მომიტინგეთა გარკვეული ნაწილის უფლებები, მაგრამ პოლიციელებზეც გეთქვათ ერთი-ორი სიტყვა. ეს ხომ უფრო სამართლიანს გაგხდიდათ”, – მიმართა ზარქუამ ლომჯარიას.

ასევე, ზარქუამ განაცხადა, რომ მოქალაქეების და ჟურნალისტების უფლებებზე საუბრისას ომბუდსმენს არ უსაუბრია “პოსტ ტვ”-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის შესახებ. ზარქუას თქმით, ბერიძე და მისი ოჯახი წლების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლნი არიან და მათ “ფიზიკური განადგურებითაც” ემუქრებოდნენ. ამ ყველაფრის გამო კი, ზარქუას განცხადებით, ბერიძე და 10 წლის შვილი ფსიქოლოგებთანაც დადიოდნენ.

ამასთან, ზარქუამ ლომჯარიას უსაყვედურა, თუ რატომ არ აღნიშნა სახალხო დამცველმა ქონებრივი უფლებების მხრივ წლების განმავლობაში გაუმჯობესებული პირობები.

“თუმცა თქვენ და თქვენმა ინსტიტუციამ გამონახეთ დრო, რომ მაგალითად, ილიჩოვას და მელაშვილის პროცესზე, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ უდანაშაულოები არიან. ჯერ დაგეცადათ, იქნებ ამართლებს სასამართლო და მერე მოგცემოდათ შესაძლებლობა, რომ პოზიცია დაგეფიქსირებინათ. ამიტომ ვთქვი, რომ ცოტა ტენდენციური და მიკერძოებული ხომ არ არის-მეთქი. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, შეიძლება გაამართლონ, მაგრამ თქვენი მხრიდან გამიკვირდა, მაშინ სხვა მიმდინარე სასამართლო პროცესებზეც გააკეთეთ კომენტარი, თუ ეს თქვენი მანდატია. არც ურნა რომ ჩამოაცვეს იმ კაცს, რაღაც მარაზმი რომ ხდებოდა, თქვენი შეშფოთება მე ვერ დავინახე, ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ ვთქვი, რომ მომეჩვენა, რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ”, – განაცხადა ზარქუამ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, “სახალხო დამცველის მანდატი არ გულისხმობს რეაგირებას სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ გადაცდომებსა და დანაშაულებზე”.

“ჩვენი მანდატია, ვისაუბროთ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე თუ რაიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ამაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ძალადობას პოლიციის მიმართ”, – უპასუხა ომბუდსმენმა ზარქუას.

მასალების გადაბეჭდვის წესი