ახალი ამბები

“მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძეს” — ილია მეორე რუსეთის პატრიარქს

23 ივნისი, 2021 • 1080
“მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძეს” — ილია მეორე რუსეთის პატრიარქს

საპატრიარქო აქვეყნებს ილია მეორის წერილს, რომელშიც რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე შუამდგომლობას სთხოვს. ილია მეორე წერილში უთითებს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახმა სთხოვა რუსეთის ეკლესიასთან შუამდგომლობა და იმედს გამოთქვამს, რომ გახელაძის გათავისუფლებისთვის “შესაძლებლობისამებრ” ყველაფერს გააკეთებს.

ნეტგაზეთი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა  თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე  და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს,  რათა იგი პატიმრობიდან  გაათავისუფლონ  და  ოჯახს  დაუბრუნდეს. კარგად  გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ   გაუცნობიერებლად  მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება  სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც  გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედივნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში  განმტკიცებისათვის”, — ნათქვამია ილია მეორის წერილში.


ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და  ცხინვალში გადაიყვანეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით]. 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი