ახალი ამბები

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, კვოტირების ცვლილებას მხარი არ დაუჭირონ

23 ივნისი, 2021 • 1045
NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, კვოტირების ცვლილებას მხარი არ დაუჭირონ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭირონ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულ სიებში კვოტირების სტანდარტის გაუარესებას.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. კანონის მოქმედი რედაქციით კი, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

აღნიშნული ცვლილებები 22 ივნისს, გამთენიისას, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილიმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაახმიანა, როცა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მეორე მოსმენით განიხილებოდა.

როგორც ქალთა უფლებადამცველები და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ქალი დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, კვოტირების სისტემის ცვლილება მათთვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო. საკითხთან დაკავშირებით ისინი დღეს, 23 ივნისს, პარლამენტში შეიკრიბნენ. ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებების გამო “განგაშია ასატეხი”.

თავად შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებების შეტანის მიზეზი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობის გაზრდაა, ვინაიდან პარტიებს ექმნებათ სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენლით დაკომპლექტების პრობლემა. თუმცა პაპუაშვილის ამ არგუმენტს ბაია პატარაია ტყუილს უწოდებს.

“როდესაც კვოტების კანონპროექტი მივიღეთ და ეს უზრუნველყოფდა მხოლოდ 20%-იან ქალთა წარმომადგენლობას, მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო ძალიან დაბალი ციფრი. თუმცა საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ნელ-ნელა ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე და არ შეიცვლებოდა კანონი და რაც უფრო მეტად პროპორციულზე გადავიდოდით, ეს ავტომატურად გამოიწვევდა უფრო პროცენტულობით ქალების მონაწილეობას არჩევით ორგანოებში და დაახლოებით 30%-ს შეადგენდა სამომავლოდ.

დღეს, როდესაც უფრო პროპორციულის სასარგებლოდ იცვლება საარჩევნო სისტემა მუნიციპალიტეტებში, ჩვენ ვკითხეთ “ქართულ ოცნებას”, ხომ  არ აპირებდნენ რაიმეს შეცვლას კვოტების კანონმდებლობასთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ არა. თუმცა გუშინ, სრულიად გასაიდუმლოებულად, დილის ხუთ საათზე, ისე, რომ არავისთვის ცნობილი არ იყო, მეორე მოსმენაზე და არა პირველზე, დააყენეს ეს ცვლილება”, — განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” რეალური მოტივი ის, არის, რომ არ უნდა მეტი ქალი იყოს ჩართული ადგილობრივ თვითმმართველობაში. მისი თქმით, ეს არა პარტიების, არამედ კაცების პრობლემაა, “რადგან ამ ქვეყანაში კაცი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ როგორმე ჩაჩეხონ და ჩააჩოჩონ პოლიტიკოსი ქალები პოლიტიკიდან”.

“პარტიებთან ამ თემაზე სერიოზული კონსულტაციები არ გამართულა და ყველა ის დეპუტატი თუ პოლიტიკოსი ქალი, რომელიც ჩვენს განცხადებას ხელს აწერს, დაგეთანხმებათ, რომ მათთან არანაირი კონსულტაცია არ გამართულა. იმაზე ლაპარაკი, რომ ერთ-ორ ქალს ვერ პოულობენ პოლიტიკური პარტიები, რომ ყოველი მეორე ჩასვან სიაში, ეს არის სიცრუე. პატარა პარტიებისთვის ეს არარელევანტურია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არ სჭირდებათ. როგორც ჩანს, დიდი პარტიებიდან “ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემა და ცდილობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალოს”, — ამბობს ნეტგაზეთთან ბაია პატარაია.

ქალთა უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ინიციირებულ ცვლილებას, დღესვე მხარდაჭერა გამოუცხადეს საპარლამენტო ფრაქციებმა: “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა”.

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმიტომ, რომ დავაფიქსიროთ სრული მიუღებლობა იმ ცვლილების მიმართ, რომლის გატანასაც მმართველი ძალა აპირებს საარჩევნო კოდექსში. ეს არის, ალბათ, უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როდესაც ჯერ ამოქმედებულ ნორმას აუქმებენ. ეს ეხება ქალთა კვოტირებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში. როდესაც ძალიან ბევრი ქალის, ორგანიზაციის, ჯგუფის,  მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ პარტია ყოფილიყო ვალდებული, ყოველი მეორე სიაში ყოფილიყო განსხვავებული სქესის. აი, ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირებს გაუქმებას “ქართული ოცნება” და როდის გააკეთა ეს? – მეორე საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც შუადღის 4 საათიდან დილის 4 საათამდე მიმდინარეობდა, როდესაც უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულობა”, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი