„ქართული ოცნება“ გეგმავს, ცვლილებები შეიტანოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 25 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი წინა დღით, 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა საკანონმდებლო ორგანოში და 29 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა ინიცირებისთვის.
ამ დროისათვის კანონპროექტი პარლამენტის საიტზე ატვირთული არ არის.
პარლამენტარ ოხანაშვილის განმარტებით, ინიცირებული ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა, რომელიც კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ასე დარეგულირდება:
- „გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ;
- საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. სარეიტინგო სიის ფორმირებას. ამის შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები;
- ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს;
- გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა“.
„ვენეციის კომისიამ“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრება 2020 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტზე მოსაზრების მომზადების თხოვნით კომისიას 22 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხს არ დაელოდა და 30 სექტემბერს პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რაზეც ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა.
დეტალები და კომისიის შენიშვნები ნახეთ აქ:
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს